აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, რომელიც თბილისში 24 იანვარს ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად, შეხვედრებს მართავს სახელმწიფო მინისტრთან ზურაბ ჟვანიასთან და ნინო ბურჯანაძესთან, რომელიც დღემდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
ცოტა ხნის წინ კოლინ პაუელმა მოუწოდა რუსეთს აშშ-სთან ერთად იმუშავოს საქართველოს დასახმარებლად.
„აქ არანაირ კონკურენციას არ აქვს ადგილი. როგორც ამერიკის, ასევე რუსეთის ინტერესებში შედის ქართველი ხალხისთვის დახმარების გაწევა“, – განუცხადა თბილისკენ მომავალმა კოლინ პაუელმა ჟურნალისტებს.
თბილისიდან კოლინ პაუელი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც იგი რუსეთის პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდება. მხარეები, სავარაუდოდ, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხს განიხილავენ.