„საქართველოს არანაირი პრეტენზია არ გააჩნია გაეროს მიმართ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დავოსში გაეროს გენერალურ მდივანთან კოფი ანანთან 22 იანვარს გამართული შეხვედრის შემდეგ.
„აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება ჩვენზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კონტროლი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გავაძლიეროთ არმია და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებასაც. გაეროს როლი უნდა გულისხმობდეს საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.
19 იანვარს გაკეთებულ მოხსენებაში გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების პროცესი “მტკივნეულად ნელა” მიმდინარეობს.
კოფი ანანმა მოუწოდა აფხაზურ მხარეს “უარი თქვას თავის უკომპრომისო პოზიციაზე და გამოიყენოს შანსი, რომელიც საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლით გაჩნდა,” რათა მოხდეს მხარეებს შორის შეთანხმება.