28 მარტს დაგეგმილი ხელახალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ბიუჯეტს დაახლოებით 7 მილიონი ლარი დაუჯდება. ცსკო-მ საარჩევნო ბიუჯეტი 16 იანვარს დაამტკიცა.
ბიუჯეტის დიდი ნაწილი იმ თანხიდან დაიფარება, რომელიც დონორმა ქვეყნებმა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისათვის დეკემბერში გამოუყვეს საქართველოს. ეს თანხა 6 მილიონ ევროს შეადგენს, რომლის ნაწილიც 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე უკვე დაიხარჯა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა წილი ექნება საქართველოს ბიუჯეტს არჩევნების დაფინანსებაში. ცსკო-ში დამტკიცებული საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის მიხედვით, დაფინანსების პროცესი 19 იანვარს უნდა დაიწყოს.
დამტკიცებულ ბიუჯეტში ჯერ-ჯერობით არ არის გათვალისწინებული საარჩევნო კომისიების ტრენინგებისა და სიების კომპიუტერიზაციისთვის საჭირო თანხები.
“ამ მიმართულებით დაფინანსებას USAID აწარმოებს, მათთან ამ საკითხებზე სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია”, განაცხადა ცსკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა.