ხავიერ სოლანა ახალი ხელისუფლების მუშაობით კმაყოფილია

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანა საქართველოს ახალი ხელისუფლების მუშაობით კმაყოფილია და მზად არის ყველა სახის დახმარება გაუწიოს მას, თუ შესაბამისი მოთხოვნა იქნება ქართული მხრიდან. ამის შესახებ ხავიერ სოლანამ დღეს სახელმწიფო კანცელარიაში მოქმედ პრეზიდენტთან ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინზე განაცხადა.


“ვეცდებით მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ახალ ხელისუფლებასთან. მათი მხრიდან ახალი პრიორიტეტების შემუშავების შემდეგ ჩვენ ამის მიხედვით გავუწევთ დახმარებას. ჩვენ ასევე  ყურადღებას მივაქცევთ ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ყველა ღონისძიებას როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დროს”, – განაცხადა ხავიერ სოლანამ ბრიფინგზე. 


მისი განცხადებით, საქართველომ უნდა ითანამშრომლოს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან. ამავე დროს, მან რუსეთს 1999 წელს სტამბულის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა, რომლის მიხედვით რუსეთმა საქართველოს ტერიტორიიდან თავისი სამხედრო ბაზები უნდა  გაიყვანოს.


“სტამბულის მაშინდელი სამიტი ეუთოს ეგიდით ჩატარდა და ამის გამო ყველა მონაწილე ქვეყანა ვალდებულია შეასრულოს აღებული ვალდებულებები”, – განაცხადა ხავიერ სოლანამ.


მისი თქმით, ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს. “თუ იქნება მოთხოვნა ქართული მხრიდან ჩვენ დავეხმარებით, როგორც ფინანსურად და ტექნიკურად, ასევე დამკვირვებლებით”, – აღნიშნა ხავიერ სოლანამ.


რაც შეეხება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, ხავიერ სალანას თქმით, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ამაზე საუბარი ამ ვიზიტის დროს არ ყოფილა.


ხავიერ სოლანა თბილისში 14 იანვარს ჩამოვიდა. იგი უკვე შეხვდა სახელმწიფო მინისტრს ზურაბ ჟვანიას, ახლად არჩეულ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და მოქმედ პრეზიდენტს ნინო ბურჯანაძეს. მისი ვიზიტი დღეს სრულდება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version