აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კერძოდ გონიოში დღეს დაახლოებით ასამდე ადგილობრივი მაცხოვრებელი შეიკრიბა, რომლებმაც აჭარაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმება მოითხოვეს.
მას შემდეგ, რაც გონიოს მაცხოვრებლებმა ადგილობრივი გამგეობის შენობაზე “ნაციონალური მოძრაობის” დროშა აღმართეს, მათ თავს დაესხა უცნობი პიროვნებები, რომლებმაც მიტინგი დაარბიეს.
ასევე თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რომლებიც იმ დროს გონიოში იმყოფებოდნენ და მიტინგს აშუქებდნენ.
საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებიდან სამი დღის შემდეგ, აჭარაში 7 იანვარს ხელისუფლებამ კვლავ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პარალელურად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბოლო დღეებში ბათუმში გააქტიურებული, ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას” აქტივისტებს დააპატიმრა.
პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ სააკაშვილმა 10 იანვარს დაგმო პოლიტიკური ნიშნით აჭარაში ხალხის დაპატიმრება და განაცხადა, რომ „პოლიტიკური რეპრესიები დაუშვებელია.“ მან იმედი გამოთქვა, რომ ასლან აბაშიძე უზრუნველყოფს უდანაშაულო ახალგაზრდების განთავისუფლებას.
გონიოში მიტინგი დაარბიეს
