გატაცებაში ეჭვმიტანილები ბრალდებებს უარყოფენ

სასამართლომ დღეს ქართველი ბანკირის თამაზ მაღლაკელიძის გატაცებაში ეჭვმიტანილი სამი პიროვნებიდან, ორს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.


პოლიციის განცხადებით, 10 იანვარს დაკავებული სამი პიროვნება „გაერთიანებული ქართული ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თამაზ მაღლაკელიძის გატაცების უკან დგას.


ერთ-ერთი ეჭვმიტანილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი გენერალ-ლეიტენანტი გია ვაშაკიძეა. დაკავებულთა ადვოკატების განცხადებით, გატაცებაში ეჭვმიტანილები ბრალდებებს უარყოფენ.


თამაზ მაღლაკელიძე 5 დეკემბერს თბილისში გაიტაცეს. ყოფილმა მძევალმა 10 იანვარს პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ გამტაცებლები მას თბილისის მახლობლად ორმოში მალავდნენ.


თამაზ მაღლაკელიძის განცხადებით, გამტაცებლები გამოსასყიდს ითხოვდნენ. თუმცა, ოფიციალურ პირთა განცხადებით, გამოსასყიდის თანხა არ იქნა გადახდილი.    

Exit mobile version