პროკურატურამ ლევან მამალაძეზე ძებნა გამოაცხადა

თბილისის პროკურატურამ ყოფილი სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერის, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მასზე ძებნა გამოაცხადა.


“სისხლის სამართლის საქმე ქონების გამოძალვის მუხლით არის აღძრული. ლევან მამალაძე არ არის ჩვეულებრივი კრიმინალი. მან მთელი პოლიტიკური მოღვაწეობა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენა და დიდი რაოდენობის ქონება მიითვისა. ამას ემატება ერთ-ერთ უცხოელისგან 35 ათასი დოლარის გამოძალვა”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქალაქის პროკურორმა ნოდარ გრიგალაშვილმა.


ლევან მამალაძე ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება. იგი 23 ნოემბერს “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მოსკოვში წავიდა. მისი მოკავშირეების განცხადებით, ლევან მამალაძე პოლიტიკას ჩამოშორდა და სასწავლებლად მოსკოვში გაემგზავრა.

ტელეკომპანია რუსთავის 2-თან სატელეფონო საუბრისას ლევან მამალაძემ უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლება მის წინააღმდეგ პოლიტიკურ რეპრესიებს აწარმოებს.

Exit mobile version