აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 6 იანვარს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ახალ ხელისუფლებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (სსფ) უფრო ახლო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
„საქართველომ სავალუტო ფონდთან კონკრეტული პროგრამა უნდა შეათანხმოს, თუ უნდა, რომ პარიზის კლუბში წარდგეს ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხის განსახილველად“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ჩვენ მზად ვართ ვიმუშავოთ საქართველოს ახალ მთავრობასთან, რათა დავეხმაროთ ქვეყანას თავისუფალი ბაზრის განვითარებასა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ ვერ შეძლო სსფ-ის სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის კრიტერიუმების შესრულება“.
საქართველოს საგარეო ვალი 1,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. სსფ-ის მისია საქართველოში თებერვლის დასაწყისში ჩამოვა.
როგორც ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ განაცხადა, „ნათელია, რომ ხალხმა მხარი დაუჭირა მიხეილ სააკაშვილის გეგმებს რეფორმების განხორციელების თაობაზე“.
„ჩვენის მხრივ, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ სააკაშვილთან, რათა დავეხმაროთ ახალ ხელისუფლებას დემოკრატიული და საბაზრო ეკონომიკური რეფორმების განხორციელების, კორუფციასთან ბრძოლის და აშშ-სთან, ევროპასთან და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავების საქმეში“, – განაცხადა ადამ ერელიმ.