იურისტობიდან პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოდან მთავრობაში, შემდეგ – ოპოზიციაში და ბოლოს ქუჩის აქციებიდან პრეზიდენტის ოფისში.
36 წლის მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი იქნება, ეს გზა ბოლო რვა წლის მანძილზე განვლო. თუმცა მთავარი ბრძოლა მას წინ ელის.
იგი კორუფციის დაძლევის და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობა დადო. ხალხს მისი სჯერა, თუმცა მცირედი იმედგაცრუებაც კი მოსახლეობის საპირისპირო რეაქციას გამოიწვევს. ხალხი მისგან სიტუაციის გამოსასწორებლად გადამჭრელი და სწრაფი ზომების მიღებას მოელის.
“ვხვდები ამ მხარდაჭერით რამხელა პასუხისმგებლობა მეკისრება ქართველი ხალხის წინაშე, მაგრამ ყველა ჩვენ ერთად ყველაფერს გავაკეთებთ რათა ქართველი ხალხის იმედები გავამართლოთ და დარწმუნებული ვარ მთელი მსოფლიო დაინახავს და დადებითად შეაფასებს ქვეყენაში ასე სუფთად და გაყალბების გარეშე ჩატარებულ არჩევნებს” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” მიხეილ სააკაშვილმა, მას შემდეგ რაც 4 იანვარს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ეგზით პოლების შედეგებს გაეცნო, რომლის მიხედვით მან ხმათა 85%-ზე მეტი მოიპოვა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა წინასწარი ოფიციალური შედეგები, სადაც მას ხმათა 96% აქვს მიღებული.
“მე ვარ ყველა ამომრჩევლის ვალში ვინც 4 იანვარს საარჩევნო უბანზე მივიდა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. პროცენტულად ასეთი მაღალი მაჩვენებელი არც ერთ აქამდე ჩატარებულ არჩევნებში არ დაფიქსირებულა, რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება გამოფხიზლებულია. პირველი პრეცედენტი შეიქმნა ამ არჩევნებში, სადაც სერიოზული გაყალბება არ დაფიქსირებულა” – დასძინა მან.
პირველი მილოცვები მიხეილ სააკაშვილმა თანაგუნდელებისგან, ნინო ბურჯანაძესგან და ზურაბ ჟვანიასგან მიიღო, რომლებიც ერთხმად აცხადებდნენ, რომ 4 იანვარს “ვარდების რევოლუციამ” საბოლოო გამარჯევბა მოიპოვა.
“მან დაიმსახურა ქვეყნის პრეზიდენტობა. მე გულწრფელად ვულოცავ მას. დარწმუნებული ვარ, რომ მას შეუძლია დემოკარტიის თავისუფლებისა და ღირსების დაბრუნებისთვის ბრძოლაში მოპოვებული წარმატების დაცვა და გამტკიცება. დღეს პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ მთელ მსოფლიოს დაენახა, რომ ჩვენ ვართ ყველანი ერთად ” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ.
“ეს ვარდების რევოლუციის მონაპოვარია. წინ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთად დგომით და ხალხის მხარდაჭერით მიხეილ სააკაშვილი შეძლებს ქვეყნის მართვას” – განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ ჟვანიამ.
ეგზით პოლების შედეგების გამოცხადების დროს მიხეილ სააკაშვილის გვერდით იმყოფებოდა მისი ჰოლანდიელი მეუღლე სანდრა რულოვსი. სააკაშვილზე ერთი წლით პატარა სანდრა რულოვსი, შეიძლება ითქვას, სააკაშვილის წინა საარჩევნო კამპანიაში უფრო აქტიურად იყო ჩართული ვიდრე თავად პრეზიდენტობის კანდიდატი. ქართულ და მეგრულ ენებზე მოსაუბრე სანდრა რულოვსმა საქართველოს რეგიონებში წარმოებული კამპანიისას, შეიძლება ითქვას, რომ თავად სააკაშვილზე არა ნაკლები პოპულარულობა მოიპოვა.
“არ ვიცი შევიტანე თუ არა წვლილი მიხეილ სააკაშვილის გამარჯვებაში ჩემი საქმიანობით, მაგრამ ის ვიცი, რომ ძალიან დიდი პასუხისნმგებლობა გვენიჭება. ვფიქრობ მიხეილ სააკაშვილი შეძლებს ქართველი ხალხის იმედების გამართლებას” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას სანდრა რულოვსმა.
სააკაშვილის წარმატებას მიესალმა აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი, რომელმაც აქტიური მუშაობა გაწია რათა არჩევნები ნორმალურად წარმართულიყო. იგი ერთი თვის განმავლობაში სამჯელ ეწვია ბათუმს, რათა ასლან აბაშიძე დაერწმუნებინა, რომ არჩევნებისთვის ბოიკოტი არ გამოეცხადებინა.
“დარწმუნებული ვარ მიხეილ სააკაშვილი შეძლებს ქართველი ხალხის იმედების გამართლებას და ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე წაყვანასა და მის განვითარებას. უკეთესს ცხოვრებას ქართველი ხალხი მართალც იმსახურებს” – განაცხადა აშშ-ს ელჩმა რიჩარდ მაელსმა, რომელიც ეგზით პოლისი შედეგების გამოცხადების შემდეგ გამართული სააკაშვილის პრესკონფერენციას ესწრებოდა.
აქვე იყო რუსეთის ელჩი საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვშვილი. რუსეთთან არსებული მრავალი პრობლემა, დამკვირვებლების მოსაზრებით, სააკაშვილის საგარეო პოლიტიკის თავმდევი ფაქტორი გახდება.
“მას შესწევს უნარი მოლაპარაკებების, მშვიდობიანი გზით აწარმოოს საუბრები და მჯერა, რომ შეძლებს თანამშრომლობას მსოფლიოს სხვა ქვეყენბის, მათ შორის რუსეთის ხელისუფლებასთან” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა.
სააკაშვილის გაპრეზიდენტების გარდა, 4 იანვრის არჩევნები სხვა მხრივაც იყო უმნიშვნელოვანესი. საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებდნენ, რომ ეს არჩევნები ახალი ხელისუფლებისთვის დემოკრატიაში გამოცდა იქნებოდა. როგორც ჩანს ეს გამოცხადა ხელისუფლებამ წარმატებით ჩააბარა, რადგან 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით საერთაშორისო დამკვირვებლებმა საპრეზიდენტო არჩევნებს მაღალი შეფასება მისცეს.
“ასეთ მოკლე ვადაში არჩევნების ჩატარება მართლაც დიდ სირთულეს წარმოადგენს, მაგრამ საქართველოს მთავრობამ მაინც შეძლო ორგანიზებულად ჩატარება. ახლა კი უფრო მთავარია კიდევ უფრო ორგანიზებულად უზრუნველყონ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისასა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა მათიას ეორშიმ.
ამას გარდა, საპრეზიდენტო არჩევნები, ერთგვარად ამომრჩევლის გამოცდასაც წარმოადგენდა. დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ იმ მაღალი აქტიურობით, რომელიც მოსახლეობამ 4 იანვარს გამოავლინა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოსახლეობა მზად არის დაიცვას რევოლუციის მონაპოვარი. ამომრჩეველს კვლავაც უხდებოდა საარჩევნო უბნებთან რიგში დგომა, რათა არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა.
ნოემბრის ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსახლეობა კიდევ უფრო მეტს მოელის ახალი ხელისუფლებისგან. მითუმეტეს, რომ ხალხმა ამისთვის ყველაფერი გააკეთა და ახლა ჯერი უკვე ლიდერებზეა.
მიხეილ სააკაშვილს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილთან ერთად, რომლებიც მისალოცად ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეიკრიბნენ, მშობლებს ორი თვის ანა მინაშვილიც ყავდათ მიყვანილი. მშობლებს, პატარა ანა, 22 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზეც ყავდათ მიყვანილი.
“მაშინ ანა 25 დღის იყო, მასთან ერთად მთელი ღამე გავათენეთ, რადაგნ გვჯეროდა, რომ ამით ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის ვიბრძოდით. კიდევ დიდხანს დავრჩებოდით მიტინგზე, მაგრამ მეორე დღეს შევარდნაძე გადადგა. დღეს კი ქართველმა ხალხმა მეორე გამარჯვება მოვიპოვეთ, როცა ჩვენმა რჩეულმა გაიმარჯვა არჩევნებში. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ანას სულ სხვა – ბედნიერ საქართველოში მოუწევს ცხოვრება. გაიზრდება და ეცოდინება, რომ ამაში მასაც მიუძღვის წვლილი” – განაცხადა ანა მინაშვილის დედამ სოფო მელაძემ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას.
წარმატება სააკაშვილს კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს
