„ეგზით პოლების“ შედეგებით, სააკაშვილმა ხმების 85,6% მიიღო

ცსკო აცხადებს, რომ არჩევნები შედგა







სააკაშვილი და მისი ჰოლანდიელი მეუღლე სანდრა
რულოვსი “ეგზით პოლის” შედეგების გამოცხადების
შემდეგ

„ეგზით პოლების“ შედეგებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა 4 იანვრის არჩევნებში ხმების 85,6% მიიღო.
 
ამერიკული კომპანია „გლობალ სტრატეჯი გრუფ“-ის მიერ განხორციელებული „ეგზით პოლების“ შედეგებით, პრეზიდენტობის დანარჩენმა ოთხმა კანდიდატმა ხმების 1%-ზე ნაკლები მიიღო. თემურ შაშიაშვილმა და როინ ლიპარტელიანმა 0,4% მიიღეს, ხოლო ზაზა სიხარულიძემ და ქართლოს ღარიბაშვილმა – 0,1%.

მიხეილ სააკაშვილმა მადლობა მოუხადა თავის მხარდამჭერებს, რომლებიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეიკრიბნენ. „დღეს მთელმა საქართველომ მოიპოვა გამარჯვება“ – განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს . 

„ჩემი პრეზიდენტობის პირველი დღეებიდანვე განხორციელდება გადამწყვეტი ზომები ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად. ჩვენ კონსტიტუციურ ცვლილებებს განვახორციელებთ. მე ასევე ვაპირებ წარვუდგინო პარლამენტს ანტიკორუფციული კანონპროექტთა პაკეტი. მე ყოველთვის ვასრულებდი პირობას და მომავალშიც შევასრულებ“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში „ეგზით პოლის“ შედეგების გამოცხადების შემდეგ. 

პირველადი ოფიციალური შედეგები 5 იანვარს გამოქვეყნდება, ხოლო საბოლოო შედეგები არჩევნების ერთი კვირის თავზე გახდება ცნობილი. თუმცა არავის ეპარება ეჭვი, რომ ოფიციალური შედეგები „ეგზით პოლის“ შედეგებისგან დიდად არ იქნება განსხვავებული. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ 7 საათისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში 1,6 მილიონ ამომრჩეველზე მეტმა მიიღო მონაწილეობა. 

„ამგვარად, წინასწარი ინფორმაციით, არჩევნები შედგა“, – დასძინა ჭიაბერაშვილმა.

ცსკო-ს თავჯდომარის განცხადებით, პროცენტული  მაჩვენებლები მხოლოდ არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი, რადგანაც ამომრჩეველთა ზუსტი რაოდენობა ჯერ ცნობილი არ არის.

წინასაარჩევნო რეგისტრაცია 1,7 მილიონმა მოქალაქემ გაიარა. თუმცა, რეგისტრაცია 4 იანვარსაც გრძელდება. ამომრჩეველთა აქტივობამ 50% უნდა შეადგინოს იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდეს.

„ამიტომაც, ჩვენ ამომრჩეველთა აქტივობის პროცენტული მაჩვენებელი მხოლოდ არჩევნების შემდეგ გვეცოდინება“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ამომრჩეველთა  აქტიურობას მაღალი შეფასება მისცა.

“საარჩევნო უბნებზე გასვლით ყველას შეგიძლიათ საკუთარი თვალით ნახოთ, როგორ აქტიურ მონაწილეობას იღებს მოსახლეობა არჩევნებში. ჩვენი ამოცანაა უკეთესი მომავლის მშენებლობა”, – განაცხადა დღეს მიხეილ სააკაშვილმა.
 
თბილისის საარჩევნო უბნებში ამომრჩეველთა რიგები იდგა. საქართველოს 75 ოლქში საარჩევნო უბნები 4 იანვარს დილის 8 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლებისთვის საღამოს 8 საათზე დაიხურა. როგორც დამკვირვებლები იტყობინებიან არჩევნებისას მნიშვნელოვანი დარღვევა არ აფიქსირებულა.  
 
როგორც დღის პირველ ნახევარში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, „საპრეზიდენტო არჩევნები ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს“.
 
„სერიოზული პრობლემები არ დაფიქსირებულა. გარკვეული ტექნიკური პრობლემები შეიმჩნეოდა, თუმცა ისინი არჩევნების ჩატარებას ვერ შეაფერხებენ“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პრესკონფერენციაზე.
 
საარჩევნო უბნები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც გაიხსნა და დღის ბოლოს საარჩევნო უბანზე ასლან აბაშიძეს გამოცხადდა და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.
 
საარჩენო პროცედურები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 6 იანვრამდე გაგრძელდება, რადგანაც ცუდი ამინდის გამო ფერხდება იქ საჭირო მოწყობილობისა და ბიულეტენების დროული გაგზავნა.     
 
საქართველოს ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დღეს დილით თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში ხმა მისცა.  თუმცა, მანამდე თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ არ აპირებდა არჩევნებში მონაწილების მიღებას.
 
ჟურნალისტის კითხვაზე, მისცა თუ არა მან ხმა მიხეილ სააკაშვილს, შევარდნაძემ განაცხადა, „თქვენ ახლოს ხართ სწორ პასუხთან“. „ის [სააკაშვილი} ჭკვიანია“, – დასძინა შევარდნაძემ.
 
„მე ვურჩევდი ახალ პრეზიდენტს ნაკლები ილაპარაკოს და მეტი იმუშავოს“, – განუცხადა შევარდნაძემ ჟურნალისტებს.
 
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს ადევნებს, იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები „სამართლიანი და მშვიდობიანი იქნება“ და „საქართველოს მოსახლეობის ნებას გამოხატავს“.
 
აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი თბილისის ორ საარჩევნო უბანს ეწვია და ხმის მიცემის პროცესს პირადად დააკვირდა.

Exit mobile version