4 იანვარს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად საქართველოს რამდენიმე საარჩევნო უბანში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება.
მაჟორიტარული წესით განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს თბილისის 4 რაიონში – სამგორში, სადაც კენჭს იყრის “გაერთიანებული დემოკრატების” წევრი მიხეილ მაჭავარიანი, რომლის სასარგებლოდ კანდიდატურა “ავიამშენის” ხელმძღვანელმა პანტიკო თორდიამ მოხსნა. ჩუღურეთში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბესო ჯუღელი და “ახალი მემარჯვენეების” წევრი აკაკი გუნცაძე, მთაწმინდაზე კენჭს იყრის “ბლოკ ბურჯანაძე-დემოკარატების” წევრი გიგი წერეთელი, გლდანში “ნაციაონალური მოძრაობის” წევრი კობა დავითაშვილი, საბურთალოზე ასევე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გივი თარგამაძე.
ასევე მეორე ტური ტარდება საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ქუთაისში, სადაც კენჭს ბლოკი “ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერი ნინო ბურჯანაძე იყრის, მის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა ყოფილი სახელისუფლებო ბლოკის წევრმა დოდო შელიამ. ჭიათურაში კენჭს იყრის ყოფილი სახელისუფლებო ბლოკის წევრი თენგიზ მოცრაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სერგო იაკობიძე. თიანეთში “ლეიბორისტი” ილია არჩემაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი თამაზ მაღლაკელიძე. ხონში აკაკი ბობოხიძე “ნაციონალური მოძრაობიდან” და ყოფილი სახელისუფლებო ბლოკიდან სიმონ ბახტაძე. ლანჩხუთში ყოფილი სახელისუფლებო ბლოკის წევრი ჯონი ფირცხალაიშვილი და ნაციონალური მოძრაობიდან ბიძინა გუჯაბიძე. ახალქალაქსა და ახალციხეში ხელმეორედ ტარდება არჩევნები.
განმეორებითი ტური ჩაიშალა ხაშურის რაიონის სოფელ ფლევში, სადაც კენჭს იყრიდნენ “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” წევრი ვალერი გელაშვილი და ყოფილი სახელისუფლებო ბლოკიდან სიმონ ნოზაძე. ფლევში ადგილობრივმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად საარჩევნო ოლქში კომისიის წევრები არ შეუშვა. აღნიშნულ ქალაქებსა და რაიონებში 2003 წლის 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნები სხვადასახვა მიზეზის გამო ჩაშლილად გამოცხადდა.