ცსკო-ს თავმჯდომარეს ამომრჩევლის აქტიურობის იმედი აქვს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი იმედოვნებს, რომ 4 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიღებს მონაწილეობას, რადგანაც პასიურობა არჩევნების ჩაშლას და ამ პროცესის 2 თვით გადავადებას გამოიწვევს, რაც ქვეყანაში პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხეს შექმნის.


“ქართულმა საზოგადოებამ ნოემბერში განვითარებული მოვლენების დროს დაამტკიცა, რომ იგი უკეთესი მთავრობის ღირსია. 4 იანვრის არჩევნებში აქტიურობით კი ქართველმა ხალხმა უნდა დაამტკიცოს, რომ იგი დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას და უკეთეს ცხოვრებას იმსახურებს. აქ საუბარი არ არის მარტო იმაზე  თუ ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი, აქ საუბარია ქვეყნის მომავალზე”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ჭიაბერაშვილმა.


მისი თქმით, კომისიამ უმოკლეს პერიოდში ბევრის გაკეთება შეძლო, რათა 4 იანვარს საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩევლებს საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცეთ.


ამ დროისათვის უკვე მომზადებულია 2 850 საარჩევნო უბანი, გადაგზავნილია ბიულეტენები. კომისიის გადაწვეტილებით, მაღალმთიან რეგიონებში საარჩევნო პროცედურა 6 იანვრამდე გაგრძელდება, რადგან უამინდობის გამო ვერ ხერხდება განსაზღვრულ ვადებში საარჩევნო უბნებში საჭირო ინვენტარისა და ბიულეტენების გადაგზავნა.


ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, რაც შეეხება ამომრჩეველთა სიებს არჩევნების დღეს ისევ შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. ეს პრინციპი იმოქმედებს აჭარაშიც. “ამომრჩევლის ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა 4 იანვრის შემდეგ გახდება შესაძლებელი, როდესაც უკვე რეგისტრირებულ 1 მლნ 793 ათასს ამომრჩეველს დაემატება არჩევნების დღეს რეგისტრირებულთა რაოდენობა. ის რომ კვლავ არსებობს აჭარაში არჩევნების ჩაშლის საშიშროება, რაც ამომრჩევლის პასიურობით იქნება გამოწვეული, ამის შესახებ მართლაც მიმდინარეობს პროპაგანდა, მაგრამ დანარჩენი საქართველოს მოსახლეობის აქტიურობით უნდა მოხდეს აჭარის პასიურობის გადაფარვა”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.


Exit mobile version