საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება ვიზიტით, რუსეთის ბრალდებებს საქართველოს მიერ ტერორისტების მფარველობის თაობაზე „უსაფუძვლო“ უწოდა.
„მე განცვიფრებული ვარ სერგეი იასტრჟემბსკის [რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე] განცხადების გამო. მე ვფიქრობ, დაუშვებელია ამგვარი განცხადებების გაკეთება, განსაკუთრებით ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების წინ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან 25 დეკემბერს არის დაგეგმილი.
სერგეი იასტრჟემბსკიმ 24 დეკემბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „საქართველო კვლავ რჩება ტერორისტების თავშესაფრად, რომლებიც პანკისის ხეობიდან რუსეთში გადადიან“.