მიხეილ სააკაშვილი ასლან აბაშიძესთან დიალოგის გაგრძელების მომხრეა


“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნინო ბურჯანაძისა  და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ლიდერის ასლან აბაშიძის შეხვედრის შესახებ და აცხადებს, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.


“ის, რაც აქამდე მოხდა საქართველოში, კონსტიტუციის ყველა მუხლის დაცვით განხორციელდა და ახლა არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება და არჩევნების ჩატარებაში ხელის შეშლა კანონის დარღვევა და ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვა იქნება”, – განაცხადა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა.


მისი თქმით, ვერც ერთი ძალა ვერ შეძლებს არჩევნების ჩატარებაში ხელის შეშლას, მათ შორის აჭარის ხელმძღვანელობაც, თუნდაც ეს რუსეთის კარნახით კეთდებოდეს, – აცხადებს სააკაშვილი.


დღესვე მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრს გიორგი მშვენიერაძეს შეხვდა, რომელიც აჭარაში დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს და ერთ-ერთ უბანზე დარღვევის დაფიქსირების გამო დააკავეს. იგი პატიმრობაში ერთი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი გათავისუფლება 7 დეკემბერს მოხდა.


ნინო ბურჯანაძე ბათუმში ასლან აბაშიძეს 10 დეკემბერს შეხვდა. ექვსსაათიანი პირისპირ საუბრის შემდეგ მხარეები მხოლოდ ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლნენ და განაცხადეს, რომ დიალოგი დაწყებულია. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version