არჩევნები – გარდამავალი ხელისუფლების გამოცდა

4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება დროებითი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოსაგან არჩევნების უნაკლოდ ჩატარებას მოითხოვს და ამ მიზნის მიღწევაში მხარდაჭერას აღუთქვამს.

მაასტრიხტში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე მყოფ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს ნინო ბურჯანაძეს, ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა არჩევნების ფინანსურ უზრუნველყოფაში დახმარება უკვე აღუთქვეს.

როგორც თავად ეუთო იტყობინება, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოყოფილი იქნება 5 მილიონ ევროზე მეტი. ეუთოს გათვლებით საპრეზიდენტო არჩევნებს დაახლოებით 2,6 მილიონი ევრო, ხოლო საპარლამენტოს – 3,5 მილიონი ევრო დაჭირდება. აღსანიშნავია, რომ 2 ნოემბრის არჩევნები დაახლოებით 6 მილიონი ლარი დაჯდა.

“ეუთო ვალდებულია დაეხმაროს საქართველოს” – განაცხადა ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ იაპ დე ჰუპ შეფერმა ნინო ბურჯანაძესთან 1 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე.

ფინანსური პრობლემის გარდა არსებობს სხვა მრავალი საკითხი, რომლის გადაწყვეტა აუცილებელი იქნება არჩევნების ნორმალურად ჩატარებისთვის და ამ პრობლემების მოგვარება მთლიანად საქართველოს ხელისუფლებაზე მის პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

1999 წლის მოწვევის პარლამენტმა საპრეზიდენტო არჩევნები 4 იანვარს დანიშნა. დარჩენილ დროში დროებით ხელისუფლებას საარჩევნო ადმინისტრაციებთან ერთად კოლოსალური შრომის გაწევა მოუწევთ, რათა საქართველოში არჩევნების სამართლიანად ჩატარების პრეცედენტი შეიქმნას. საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება და ამომრჩეველთა სიების შედგენა – ეს ის ძირითადი საკითხებია რომელთა მოგვარება მოუწევს ახალ ხელისუფლებას, გადახალისებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად, რათა ნორმალური არჩევნები ჩატარდეს. 

30 ნოემბერს პარლამენტმა დაამტკიცა ცსკ-ოს ახალი თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი. ცსკ-ოს თავმჯდომარეობამდე ჭიაბერაშვილი “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი იყო. ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციამ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლა განახორციელა. ხოლო არჩევნებისას მის მიერ დაფიქსირებული უამრავი დარღვევა საფუძვლად დაედო 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების უზენაესი სასამართლოს მიერ გაბათილებას.

“ეს არის უდიდესი ნდობა ჩემს მიმართ და მე სრულად აღვიქვამ დაკისრებულ პასუხისმგებლობას. დღეს ცსკ-ოს წინაშე მდგარი საკითხები ორგვარია – ერთი სამართლებრივ-პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, ხოლო მეორე ტექნიკურ საკითხებს უკავშირდება. პოლიტიკური საკითხები ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ უსწრაფესად არის გადასაწყვეტი, მე კი ჩემს თავს განვიხილავ, როგორც არჩევნების ადმინისტრატორს” – განაცხადა პარლამეტის ტრიბუნიდან ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პოლიტიკურ საკითხებში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღის განსაზღვრა და საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირების ახალ წესის შექმნა იგულისხმება. დღემდე გაურკვეველი რჩება საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ბედი. სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის ამ თემაზე კონსულტაციები ინტენსიურად მიმდინარეობს. პოლიტიკოსებს არჩევანის გაკეთება ორ ალტერნატივას შორის მოუწევთ – ან საპარლამენტო არჩევნებიც 4 იანვარს ჩატარდება, ან გაზაფხულისთვის გადაიწევს ეს თარიღი. ნინო ბურჯანაძე საპარლამენტო არჩევნების 4 იანვარს ჩატარებას უჭერს მხარს, თუმცა აცხადებს, რომ ეს განსჯისა და კონსულტაციების საგანი უნდა გახდეს.

დღევანდელი მდგომარეობით პროპორციული სისტემით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბათილად არის ცნობილი, ხოლო მაჟორიტარული არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ ძალაში რჩება. კონსტიტუციით მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს მიმართოს პრეზიდენტმა ან პარლამენტართა 1/5-მა მაინც. ეს უფლება მოქმედი პარლამენტის 57-მა დეპუტატმა უკვე გამოიყენა.

“თუკი პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები სასამართლომ გაყალბებულად მიიჩნია, მაშინ ლოგიკურია, რომ მაჟორიტარული არჩევნები უმძიმესი დარღვევების გარეშე ვერ ჩატარდებოდა. არსებობს უამრავი დოკუმენტური მასალა, რომელიც ცალკეულ ოლქებში გაყალბებულ მაჟორიტარულ არჩევნებზე პირდაპირ მიუთითებს, თუმცა არის ოლქები სადაც ამ სისტემით არჩევნები მეტ-ნაკლებად სამართლიანად ჩატარდა, ეს საკითხები მთლიანად პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტია” – აცხადებს “სამართლიანი არჩევნების” ყოფილი დირექტორი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მეორე უმთავრესი საკითხი არის საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირების წესი. “ბეიკერის პრინციპებით” შექმნილ ცსკ-ოში 5 წევრი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ უკვე დანიშნა. დღევანდელი მდგომარეობით ახალი ხელისუფლება 15 კაციან ცსკ-ოში 8 წევრით არის წარმოდგენილი, რაც 2/3-იანი, გადაწყვეტილების მიმღები უმრავლესობისათვის საკმარისი არ არის, თუმცა პოლიტიკური დისბალანსი საარჩევნო ადმინსტრაციებში აშკარად სახეზეა. რაც მთავარია დარღვეულია საარჩევნო კომისიების ფორმირების ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც ცსკ-ოს ფორმირებას 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ითვალისწინებს. დღევანდელი რეალობითYცსკ-ოს შემადგენლობაში ყოფილი ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ არის და იქ მხოლოდ ახლანდელი მთავრობის, ახალი მემარჯვენეების, ლეიბორისტების, აღორძინების სამი და მრეწველების ორი წევრია.
 
პარლამეტში აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს საარჩევნო ადმინისტრაციების ოპტიმალურად ფორმირების ირგვლივ. ამ დღეებში პარლამენტი სპეციალურად შეიკრიბება და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.  მოქმედმა პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ იგი ხელს შეუწყობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარიტეტულ საფუძველზე დაკომპლექტებას.

“აბსოლუტურად დაუშვებელია ცსკ-ოს ისე დაკომპლექტება, როგორც ეს წინა ხელისუფლებამ გააკეთა, როდესაც მთავრობა მთლიანად აკონტროლებდა კომისიას”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

4 იანვრის არჩევნებისათვის უდიდეს პრობლემას ამომრჩეველთა სიები წარმოადგენს. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. შსს-ს ახალმა მინისტრმა გია ბარამიძემ სპეციალური შეხვედრები მიუძღვნა საარჩევნო სიების ირგვლივ წარმოქმნილი პრობლემებს. შსს-სა და იუსტიციის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებსა და საპენსიო ფონდს შორის გაფორმდა შეთანხმება საარჩევნო სიების ერთობლივი სრულყოფის მიზნით. 2 დეკემბერს კი შინაგან საქმეთა მინისტრი ცსკო-ს ახალ თავმჯდომარეს ზურაბ ჭიაბერაშვილს შეხვდა ამავე საკითხზე.

“საარჩევნო სიები კვლავაც აქილევსის ქუსლად რჩება საარჩევნო თემატიკაში, თუმცა ეს პრობლემა მოგვარებადია, ყურადღებას იმსახურებს წინასწარი რეგისტრაციის იდეა, რაც ამომრჩეველთა სამოქალქო აქტივობას მოითხოვს. ანუ თითოეული ამომრჩეველი უნდა გამოცხადდეს უბანზე და განაცხადოს რომ იგი შეიყვანონ სიაში” – აცხადებს ცსკ-ოს ახალი თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი. 
ცსკ-ოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უმოკლეს დროში მოუწევს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. პარლამენტის მიერ 28 ნოემბერს მიღებული ცვლილებებით საარჩევნო კოდექსი საშულებას აძლევს ცსკ-ოს თავად განსაზღვროს საარჩევნო სიებთან, ქვედა დონის კომისიების დაკომპლექტებასთან, საარჩევნო ბიულეტინების დაბეჭვდასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებული კონკრეტული ვადები.

ამ მიმართულებით ცსკ-ოში კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. 30 ნოემბრის პირველივე სხდომაზე პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის ვადა 2 დეკემბრით, ხოლო მათი რეგისტრაციის თარიღი 17 დეკემბრით განისაზღვრა. ამ დროისათვის ცსკ-ოში პრეზიდენტობის მსურველი 13 კანდიდატის განაცხადია შესული. საზოგადოებაში არსებულ წინასწარ განწყობებზე დაყრდნობით პრეზიდენტობის რეალური შანსი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს მიხეილ სააკაშვილს აქვს. სხვა კანდიდატებთან ერთად პრეზიდენტობაზე პრეტენზიას აცხადებენ იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი და საქართველოში ნომერ პირველ ტერორისტად წოდებული იგორ გიორგაძე. იგორ გიორგაძე 1995 წლის შემდეგ ოფიციალურად არის ძებნილად გამოცხადებული სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ. ცსკ-ომ და ყველა ინსტანციის სასამართლოებმა მას არაერთხელ უთხრეს უარი არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე.

ცსკ-ოს სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად საარჩევნო ადმინისტრციების დაკომპლექტებაზეც მოუწევს ზრუნვა.

“საოლქო და საუბნო კომისიების თავმჯდომარეების უმრავლესობა მოსახსნელია, იმ ოლებში, სადაც გაყალბების დიდი მასშტაბები დაფიქსირდა ვერცერთი თავმჯდომარე საქმიანობას ვეღარ გააგრძელებს. საარჩევნო ადმინისტრცაიების მთლიანად შეცვლა კი დარჩენილ მცირე დროში ალბათ ვერ მოესწრება” – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრობლემად არჩევნებთან მიმართებაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა რჩება. ჯერ-ჯერობით უცნობია ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში. თავის დროზე, აჭარა 2 ნოემბრის არჩევნების ბოიკოტირებას გეგმავდა. ეს საშიშროება კიდევ უფრო გაიზარდა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე უახლოეს დღეებში გეგმავს ასლან აბაშიძესთან შეხვედრას, სადაც საბოლოოდ გაირკვევა არჩევნებთან დაკავშირებული ღიად დარჩენილი საკითხები. საპრეზიდენტო არჩევნებში აჭარის მონაწილეობის გარდა უმნიშვნელოვანესია ავტონომიის ფარგლებში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების თემა, რისი ნიშნებიც ყველა აქამდე ჩატარებულ არჩევნებში არ ჩანდა.

დახუჭავს თუ არა თვალს ახალი ხელისუფლება, ყოფილი პრეზიდენტის Eედუარდ შევარდნაძის მსგავსად, აჭარაში არჩევნების სამართლიანობის ხარისხზე, ბურჯანაძე-აბაშიძის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

ნინო ხუციძე, სივილ ჯორჯია

Exit mobile version