(თბილისი, 29 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მოქმედმა პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ დღეს განაცხადა, რომ იგი ხელს შეუწყობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარიტეტულ საფუძველზე დაკომპლექტებას.
“აბსოლუტურად დაუშვებელია ცსკო-ის ისე დაკომპლექტება, როგორც ეს წინა ხელისუფლებამ გააკეთა, როდესაც მთავრობა მთლიანად აკონტროლებდა კომისიას”, – განუცხადა ნინო ბურჯანაძემ 29 ნოემბერს ჟურნალისტებს.
ეუთომ საქართველოს ახალ ხელმძღანელობას საარჩევნო კომისიების ბალანსირებული დაკომპლექტებისკენ მოუწოდა.
პარლამენტის მიერ 28 ნოემბერს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს ცსკო-ის თავჯდომარეს პარლამენტთან შეთანხმებით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ნანა დევდარიანი, რომელიც ყოფილ ხელისუფლებასთან ერთად მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო, 28 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.
პოლიტიკურ პარტიებს ახალი კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.