ზაზა შენგელია თანამდებობიდან გადადგა

პრეზიდენტმა სახელმწიფო ტელევიზიას მთავრობის ინტერესების დაცვისკენ მოუწოდა

საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ქვეყნის მმართველი ხელისუფლება პირველ პოლიტიკურ “დანაკარგებს” განიცდის. პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მიერ 19 ნოემბერს მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ტელევიზიის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის თავმჯდომარის ზაზა შენგელიას მხრიდან ჯერ სამთავრობო სხდომის, შემდგომ კი თანამდებობის დატოვება მოჰყვა. პრეზიდენტმა სახელმწიფო ტელევიზია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების არაობიექტურად გაშუქებაში დაადანაშაულა და მთავრობის ინტერესების დაცვა მოითხოვა.

“”იმედი” უფრო მეტს აკეთებს, “მზეც” და სხვებიც, მაგრამ პირველ არხს მე მადლობას ვერ მოუხდი. თქვენ ხართ სამთავრობო, სახელმწიფო არხი. კეთილი ინებეთ და იმოქმედეთ ისე როგორც ეს სახელმწიფო ინტერესებშია. მე ხომ არ ვამბობ, როგორც ჩემს ინტერესებში. არ შეიძლება იქითაც იყო და აქეთაც”, – განაცხადა 19 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე ედუარდ შევარდნაძემ.

“ეს არ ჯდება სატელევიზიო წესებში. ბევრ ადგილას მაქვს ნამუშევარი და აბსოლუტურად სხვანაირად ვხედავ სახელმწიფო ტელევიზიის მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვიყავით კრიტიკის ობიექტი როგორც სახელისუფლებო, ის ოპოზიციური პარტიების მხრიდან, აქ მომუშავე ხალხი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ეს დიალოგი გაგრძელებულიყო სტუდიაში. მე ახლაც ასე მწამს რომ სიტუაციის განმუხტვა უნდა მოხდეს დიალოგით. ხშირად ვეგუებოდი კრიტიკასაც, როგორც ობიექტურს, ისე სუბიექტურს, მაგრამ ვცდილობდით, რომ ეს ყოფილიყო ნამდვილად დემოკრატიული, თავისუფალი არხი. მე არ მახსენდება ან თემა ან პოლიტიკოსი, რომ პირველ არხზე ვეტოდადებული ყოფილიყო”, – განაცხადა მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე ზაზა შენგელიამ.

მან ასევე გარკვეულ ზეწოლაზეც გაამახვილა ყურადღება, თუმცა იმ პიროვნებების ვინაობა არ დაუსახელებია, რომელთა მხრიდანაც ხორციელდებოდა ზეწოლა. მისთვის გაუგებარია და ვერ ასახელებს, კონკრეტულად რამ გამოიწვია პრეზიდენტის უკმაყოფილება და ამ განცხადების გაკეთება.

“ვფიქრობ პრეზიდენტის ასეთ განწყობაზე გარემოცვამ გარკვეული როლი ითამაშა”, – აცხადებს ზაზა შენგელია და დასძენს, რომ მისი გადაწყვეტილების შესახებ უკვე ინფორმირებულია საქართველოს პრეზიდენტი.

ზაზა შენგელიას თანამდებობის დატოვებამდე ტელევიზიაში შეხვედრა ჰქონდა სახელმწიფო მინისტრთან ავთანდილ ჯორბენაძესთან, რომელიც ზაზა შენგელიას თქმით არწმუნებდა მას, არ გადაედგა ეს ნაბიჯი.

“ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა და უკან დახევას არ ვაპირებ”, – განაცხადა ზაზა შენგელიამ. მისი თქმით, ჯერ-ჯერობით არ გადაუწყვეტია, სად დაიწყებს მუშაობას. იგი ჯერ კიდევ 5 თვის წინ გახსნილ ტელეკომპანია “მზის” ხელმძღვანელად მოიაზრებოდა, თუმცა ამის შესახებ ამ ეტაპზე ზაზა შენგელია არ საუბრობს.

თავად ტელევიზიის თანამშრომლები ხელმძღვანელის გადადგომას სხვადასხვაგვარად აფასებენ. “ზაზას მოსვლით ტელევიზიაში ურთიერთდაპირისპირება დაიწყო. იგი ერთხელაც არ შეხვედრია თავის თანამშრომლებს. მის წინააღმდეგ ჯერ კიდევ ივნისში ვაპირებდით გამოსვლას და აქციის მოწყობას, მაგრამ სიტუაციის დაძაბვა არ გვინდოდა”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ტელევიზიის თანამშრომელმა მანანა კვიტაიშვილმა.

“ახლა მისი წასვლა ჩვენი ღალატის ტოლფასია, ეს მას არ უნდა გაეკეთებინა და ძალიან ცუდია მისი ეს ნაბიჯი”, – განაცხადა დოდო ჟორდანიშვილმა. ტელევიზიის თანამშრომლები კატეგორიულად ითხოვდნენ შეხვედრას ზაზა შენგელიასთან მის წასვლამდე.

პრეზიდენტის მხრიდან დღეს სახელმწიფო ტელევიზიის კრიტიკა მოულოდნელი იყო, რადგან ჯერ კიდევ ორი დღის წინ 17 ნოემბრის რადიოინტერვიუში ედუარდ შევარდნაძემ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურად გაშუქებისთვის მადლობა გადაუხადა პირველ არხს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გაშუქების მიხედვით ცალკეულ პარტიებსა და ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის ობიექტები გახდნენ საქართველოში მოქმედი ტელეკომპანიები. პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებამდე, სახელისუფლებო ბლოკის მხრიდან განუწყვეტელი კრიტიკა ისმის დამოუკიდებელი ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” მიმართ, რომლის ეთერში განუწყვეტლივ გადიოდა მოძრაობა “კმარას” რეკლამა და ასევე პირდაპირ ეთერში შუქდებოდა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მოწყობილი საპროტესტო აქციები.

“კმარას” ერთ-ერთი რეკლამის გამო, რომლითაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლებს მოუწოდებდნენ არ გადაედგათ არასწორი ნაბიჯი და არჩევნების სამართლიანი შედეგები გამოექვეყნებინათ, ცსკო-ს თავმჯდომარის ინიციატივით სხდომაზე “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ნანა დევდარიანმა საბოლოოდ ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

გარდა ამისა, ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახურის სარჩელი ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის წინააღმდეგ, რომლითაც ანტიმონოპოლიური სამსახური ტელეკომპანიის ეთერში გაშვებული სარეკლამო რგოლის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აღიარებას მოითხოვდა.

მანამდე “რუსთავი 2”-ს ბოიკოტი გამოუცხადეს “აღორძინების”, “ლეიბორისტებისა” და “მრეწველების” წარმომადგენლებმა, რომლებმაც უარი განაცხადეს ტელევიზიაში მისვლაზე და რაიმე კომენტარის გაკეთებაზე, რადგან მათი თქმით, ტელეკომპანია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არაობიექტურად აშუქებს.

პირველი არხის კრიტიკით გამოდიოდნენ ცალკეული ოპოზიციური პარტიები, თუმცა, სახელმწიფო ტელევიზიისთვის საჯარო ბოიკოტი არავის გამოუცხადებია.

18 ნოემბერს “დემოკრატიული აღორძინების” ერთ-ერთი ლიდერის ჯემალ გოგიტიძის მიერ სახელისუფლებო ბლოკთან და პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის მიმართ კრიტიკის შემდეგ პოზიცია შეიცვალა ასევე ტელეკომპანია “იმედმა”, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის დაფინანსებით და ხელშეწყობით შეიქმნა და პარლამენტის წინ მიმდინარე აღორძინების მიტინგის უარყოფითი მხარეების წარმოჩენა დაიწყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მოვლენებს წინ უსწრებდა “კომუნიკაციების ეროვნული კომისიის”, მაუწყებლობის ლიცენზიების გამცემი ორგანოს თავმჯდომარის ვახტანგ აბაშიძის გადადგომა, რომელიც 24 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, სადაც მე-9 მეტრული სატელევიზიო არხის ტენდერის საკითხი განიხილებოდა, ასევე ხელისუფლების მხრიდან კომისიაზე გარკვეულ ზეწოლაზე საუბრობდა. თუმცა ვახტანგ აბაშიძემაც კონკრეტული პირების დასახელებისგან თავი შეიკავა.

“გადადგომის შესახებ განცხადებით უკვე მივმართე საქართველოს პრეზიდენტს. არსებობს ზეწოლა, მე-9 მეტრული არხის ახალი მეპატრონისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტილებაში არაობიექტურ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რასაც შემდგომ დესტაბილიზაცია მოჰყვეს. ამაზე პასუხისმგებლობას ვერ კი არა, არ ავიღებ ჩემს თავზე”, – აცხადებდა მაშინ ვახტანგ აბაშიძე.

მე-9 მერტული სატელევიზიო არხის შესყიდვის სურვილი “ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა და “ტექნომედიამ” გამოთქვეს, თუმცა მაშინ ვახტანგ აბაშიძის გადადგომის შესახებ განცხადებას სხდომის ჩაშლა მოჰყვა.

19 ნოემბერსვე საღამოს პრეზიდენტმა შევარდნაძემ სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის თავმჯდომარედ გიორგი ლეონიძე დანიშნა, რომელიც მანამდე ზაზა შენგელიას პირველი მოადგილე იყო.

თეა გულარიძე, “სივილ ჯორჯია”

Exit mobile version