(თბილისი, 18 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩევლის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ლინ პასკო თბილისში ვიზიტით და საქართველოს პრეზიდენტთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრებით კამყოფილია.
“მე შევხვდი საქართველოს პრეზიდნეტს და ოპოზიციის ლიდერებს, სადაც საუბარი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ასევე 2 ნოემბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს შეეხო. ჩვენ გვსურს ორ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობის დამყარება და თანამშრომლობა”, – განაცხადა 18 ნოემბერს სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ლინ პასკომ.
იგი შეფასებებს არ აკეთებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების თაობაზე და აცხადებს, რომ აშშ ელოდება ეუთო-ს დამკვირვებლების საბოლოო დასკვნას, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი 2 ნოემბერს საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმდინარეობა.
“ამჟამად მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამერიკა დაინტერესებული იყო საქართველოში არჩევნების ნორმალურად ჩატარებაში. ამით იყო გამოწვეული არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე თბილისში აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის ვიზიტი” – განაცხადა ლინ პასკომ. მისი ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში შესაძლოა საქართელოს პრეზიდენტის და აშშ-ს ყოფილ სახელმწიფო მდივანის შეხვედრა შედგეს.
ლინ პასკოს თქმით, პრეზიდენთან და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის დროს მას რეკომენდაციები არ მიუცია საქართველოში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.
“ჩემი მთავარი წინადადება იყო ის, რომ ორივე მხარემ პრობლემა უნდა მოაგვაროს მოლაპარაკების გზით. პოლიტიკა არის კომპრომისებზე წასვლის ხელოვნება და ძალზე მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯის გადადგმა დაპირისპირებული მხარეებისთვის”, – განაცხადა ლინ პასკომ.
იგი გამორიცხავს, რომელიმეს მხრიდან ძალის გამოყენებას სიტუაციის განმუხტვის მიზნით.