საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების გამყალბებლების დასჯას მოითხოვს

(თბილისი, 17 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი იმ პირების დასჯის საკითხს აყენებს, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნების დროს გაყალბებაში და დაარღვიეს კანონი. ასევე მოითხოვს სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც იმსჯელებს ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

“ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამა თუ იმ ფორმით არჩევნების გაყალბებაში, დაარბიეს უბენები, ჩაიდინეს სხვადასხვა სახის მაქინაციები, უსასტიკესად დაისჯება. არჩევნების დროს ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი არაზუსტი სიები გახდა, სადაც ჩემი ოჯახის წევრებიც ვერ აღმოვაჩინე. სამაგიეროდ, იყვენენ გარდაცვლილები და 1800 წელს დაბადებულები. ამი გამო მოვითხოვ სპეციალური ჯგუფის შექმნას, რომელიც ფარდას ახდის სიებთან დაკავშირებულ ბნელ ისტორიას”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის დღევანდელ ტრადიციულ რადიოინტერვიუში.

იგი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებს იშველიებს და აცხადებს, რომ მათი მოსაზრებით, ამომარჩეველთა მეტნაკლებად ზუსტი სეიბი შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეადგინა, არსებული უმნიშვნელო ცდომილების მიუხედავად, არჩევნების შედეგებზე რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ვერ მოახდენდა. შემდეგ კი მოხდა ამ სიების კომპიუტერებში განთავსება, სადაც მოხდა ქაოსი.

“არაზუსტი სეიბის შედგენა ხელისუფლებას არ სჭირდებოდა. ყველას წინააღმდეგ, ვინც ამაში დამნაშავეა სისხლისსამართლის საქმე აღიძრება”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.

იგი ჯერ-ჯერობით თარიღს ვერ ასახელებს, თუ როდის მოხდება კომისიის შექმნა და არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების გამოძიება, თუმცა, აცხადებს, რომ კომისიის მუშაობაში შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ შინაგან საქმეთა, უშიშროების მინისტრებმა, გენერალურმა პროკურორმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

Exit mobile version