(თბილისი, 17 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევას არ აპირებს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პარლამენტის პირველი სხდომის მოწვევას აპირებს.
“მე კონსტიტუცია მავალებს, რომ მოვიწვიო პარლამენტის პირევლი სხდომა. ერთ-ერთ სხომაზე თავადაც ვაპირებ მისვალს და ახალ პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებებსაც შევთავაზებ. მე მზად ვარ ყველა სირთულე ჩემ თავზე ავიღო, რათა მომავალ პრეზიდენტს გაუადვილდეს მუშაობა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში.
მისი თქმით, ასევე განსახილველია რეფერენდუმის შედეგები, რომელიც 2 ნოემბერს არჩევნების პარალელურად ჩატარდა და უმრავლესობა მომხრეა პარლამეტის დეპუტატთა რაოდენობის შემცირებისა, რაც 2007 წელს ახალი პარლამენტის მოწვევის დროს განხორციელდება. “ამის განხილვა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა კი ახალი პარლამენტის პრეროგატივა იქნება”, – აცხადებს შევარდნაძე.