აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საარჩევნო დაპირისპირების სწრაფი მოგვარებისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 15 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – შეკითხვაზე – მხარს უჭერს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები პრეზიდენტ შევარდნაძეს, მაშინ როცა საპროტესტო აქციის მონაწილენი მის გადადგომას მოითხოვენ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა 14 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, რომ “ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ამა თუ იმ კანდიდატურას ამ პროცესში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საკანონმდებლო ნორმებს”.

“იმედია, ქვეყანა არსებულ დაპირისპირებას მშვიდობიანი დიალოგით მოაგვარებს კანონის ფარგლებში, ქვეყნისა და ხალხის ინტერესტების დაცვით”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ.

მისი განცხადებით, არსებობდა გარკვეული პრობლემები ამომრჩეველთა ხმების დათვლის პროცესში. “ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია ორივე მხარისათვის, რომ პოლიტიკურ პროცესში მშვიდობიანი შეკრების როლს პატივი სცენ და ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიდან აიცილონ ძალადობა”, – განაცხადა ერელიმ.

“ჩვენ საარჩევნო პრობლემების სწრაფ მოგვარებას და საბოლოო შედეგების გამოცხადებას მოვითხოვთ”, – დასძინა მან.

Exit mobile version