(თბილისი, 14 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მზადყოფნა ოპოზიციასთან დიალოგისთვის.
“მზად ვარ ოპოზიციასთან დიალოგისა და ნორმალური ურთიერთობისთვის. არავისთან შეხვედრის ამ მეშინია და არც მცხვენია. ზურაბთან და ნინოსთან [ბურჯანაძე-დემოკრატების ლიდერები ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე] საერთო ენის გამონახვა შეიძლება. მე მზად ვარ “მთავარსარდალსაც” [ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი] შევხვდე, მიუხედავად იმისა, რომ მან შეურცხყოფა მომაყენა გასულ კვირას [სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა მოლაპარაკებები პრეზიდენტთან]. მზად ვარ ნებისმიერ ადამიანს შევხვდე, რათა სამოქალაქო დაპირისპირება ავიცილოთ თავიდან”, – განაცხადა შევარდნაძემ 14 ნოემბერს საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე.
მან მოსახლეობას მოუწოდა არ შეუერთდნენ საპროტესტო აქციას, სახლებში დაბრუნდნენ და თავიანთი საქმეები აკეთონ.
“იქ არავითარი სეირი და თეატრალიზებული დადგმა არ იქნება. იქნება ძალიან ცუდი დასაწყისი იმისა, რაც გველოდება. სიმშვიდე შეინარჩუნეთ, რათა თავიდან ავიცილოთ დესტაბილიზაცია. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად ყველა პრობლემას მოვაგვარებთ”, – დასძინა პრეზიდენტმა.
მან ყველას მოუწოდა კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ და კანონები დაიცვან.
“თუ ჩვენ ამ გზას გადავუხვევთ, ჩვენ ვერ ავიცილებთ არა მარტო სამოქალაქო დაპირისპირებას, არამედ სამოქალაქო ომსაც. სანამ მე კანონიერი პრეზიდენტი ვარ, მე არ დავუშვებ მოსახლეობის გახლეჩას ორ ბანაკად და სამოქალაქო კონფრონტაციას”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
მოსახლეობის მიერ შევარდნაძის გადადგომის თაობაზე ხელმოწერების საკითხის კომენტირებისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ პირობებში მისი გადადგომა უპასუხისმგებლობა იქნებოდა მისი მხრიდან.
“არჩევნები ჩატარებულია, რაც გასაუქმებელი იყო უქმდება. ეს პროცესი მიმდინარეობს, თუ რამ უსამართლობა იყო გასწორდება. რაც შეეხება ხელმოწერების შეგროვებას, დაიწყოს პარლამენტმა მუშაობა და საპარლამენტო ხელისუფლება ძალაში შევა, იქნებ პრეზიდენტის გადადგომას მე თვითონ მოვაწერო ხელი. ამ პირობებში ჩემი გადადგომა დიდი უპასუხისმგებლობა იქნება ჩემი მხრიდან”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
“რაც შეეხება იმას, რომ გაიძახიან ჩაუშესკუ, მილოშევიჩი, არ არის ეს სერიოზული ამბავი, მე არც ჩაუშესკუს და არც მილოშევიჩის ბედი არ მელოდება”, – განაცხადა შევარდნაძემ.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველაფერი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა მოხდეს, კანონების დაცვით.