ახალი მოკავშირეების უცნაური თამაშები

აბაშიძის საგარეო ვიზიტები ოპოზიციას აშფოთებს
 
პოლიტიკური კრიზისის გამწვავებასთან ერთად პრეზიდენტი შევარდნაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის ასლან აბაშიძის გავლენას ზრდის.
 
შევარდნაძის ბათუმში ვიზიტის შემდეგ ასლან აბაშიძე 11-12 ნოემბერს სომხეთსა და აზერბაიჯანში გაემგზავრა.
 
ოფიციალური ინფორმაციით, ასლან აბაშიძემ სომხეთის პრეზიდენტთან რობერტ ქოჩარიანთან საუბრისას საქართველოში არსებული სიტუაცია განიხილა და მოგვიანებით აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს პერსონალურად მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.
 
აბაშიძის ვიზიტს წინ უძღოდა შევარდნაძის სატელეფონო საუბრები რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან. არსებული ინფორმაციით, სამივე პრეზიდენტმა შევარდნაძეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.
 
შევარდნაძე ბათუმს 10 ნოემბერს ეწვია, მაშინ როცა თბილისში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა მისი გადადგომის მოთხოვნით. აბაშიძის განცხადებით, ავტონომიური რესპუბლიკა ცენტრალურ ხელისუფლებას ქვეყანაში “ოპოზიციის მიერ დაგეგმილი დესტაბილიზაციის თავიდან აცილებაში დაეხმარება”.
 
ოპოზიცია შიშობს, რომ შევარდნაძეს არსებული კრიზისის დაძლევა პრო-რუსული ორიენტაციის ასლან აბაშიძის დახმარებით სურს.
 
ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა შეშფოთება გამოთქვა აბაშიძის სომხეთში ვიზიტთან დაკავშირებით. მან 11 ნოემბერს საპროტესტო აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ “შევარდნაძე და აბაშიძე ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავენ.”
 
მისი ვარაუდით, შევარდნაძემ და აბაშიძემ შესაძლოა სომხეთში და ბათუმში განლაგებული რუსული სამხედრო ჯარები გამოიყენონ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირების მიზნით.
 
სააკაშვილის განცხადებით, მათ შესაძლოა ამ პროვოკაციაში სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომეხი მოსახლეობაც ჩართონ.
 
რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის ვიზიტმა სომხეთში იმავე დღეს, როცა აბაშიძემ მოლაპარაკებები გამართა სომხეთის პრეზიდენტთან, კიდევ უფრო გაამწვავა სხვადასხვა ვარაუდი ამ საკითხთან დაკავშირებით.
 
თუმცა, ივანოვმა ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “საქართველოში დისლოცირებული რუსეთის ჯარები არასოდეს ჩაერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში”. მისი თქმით,  “რუსეთი ძალას მხოლოდ რუს სამხედროებზე თავდასხმის შემთხვევაში გამოიყენებს”.
 
“ბურჯანაძე-დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ 11 ნოემბერს განაცხადა, რომ ასლან აბაშიძის ბოლო დროს გაზრდილ როლს შესაძლოა მოყვეს შევარდნაძის ძალაუფლების აჭარის ლიდერისადმი გადაცემა.
 
ასლან აბაშიძის ვიზიტი სომხეთში ბოლო დრომდე გასაიდუმლოებული იყო. აჭარის ხელმძღვანელობა კატეგორიულად უარყოფდა ვიზიტს და მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა პირველი კომენტარი, რაც სომხეთის ტელევიზიამ გააშუქა აბაშიძის და ქოჩარიანის შეხვედრა.
 
პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა კახა იმნაძემ “აბსურდული” უწოდა ოპოზიციის ლიდერების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს.
 
“აბაშიძის ვიზიტი სომხეთში და მისი პრეზიდენტ ქოჩარიანთან შეხვედრა ჯერ კიდევ შევარდნაძის ბათუმში ჩასვლამდე იყო დაგეგმილი. ეს კონფიდენციალური შეხვედრა რომ ყოფილიყო, თქვენ (ჟურნალისტები) ამის შესახებ ვერასოდეს ვერ გაიგებდით” – განაცხადა იმნაძემ ტელეკომპანიის “მზის” ეთერში 11 ნოემბერს.
 
დამკვირვებლებიც ასევე არ გამორიცხავენ აბაშიძის როლის ზრდას ახლო მომავალში. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ნოდია ვარაუდობს, რომ აბაშიძე, ან ვინმე მისი გარემოცვიდან შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს.
 
“ახალი პარლამენტის მოწვევის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა რომ ოპოზიცია არჩევნების განმეორებით ჩატარებას მოითხოვს, ასლან აბაშიძე, ან მისი რომელიმე მოკავშირე შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარედ მოგვევლინოს, რადგანაც სახელისუფლებო პარტიები, მათ შორის აღორძინების კავშირი, ახალ პარლამენტში უმრავლესობას შეადგენენ, რაც აბაშიძეს პრეზიდენტობამდე გაუკვალავს გზას [2005 წელს]”, – განაცხადა გია ნოდიამ.
 
გია ნოდიას განცხადებით, აბაშიძის ან აღორძინების სხვა რომელიმე ლიდერის წინსვლა ქართულ პოლიტიკურ არენაზე შესაძლოა “შევარდნაძის პოლიტიკური ხრიკი იყოს”. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, მის პოსტს არჩევნებამდე პარლამენტის თავმჯდომარე იკავებს.
 
“თუ აბაშიძე ან აჭარის სხვა წარმომადგენელი დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს, მოსახლეობის მოთხოვნების ძირითადი აქცენტი შევარდნაძის გადადგომიდან სხვა საკითხებზე გადავა, რადგანაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის არასასურველი იქნება აბაშიძის ან მისი სხვა რომელიმე მოკავშირის დანახვა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე”, – განაცხადა ნოდიამ.
 
იგი ასევე ვარაუდობს, რომ მეორეს მხრივ აბაშიძემ თავის ძალაუფლებას გაუკეთა დემონსტრირება სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტის დროს, სადაც მას საკმაოდ თბილი დახვედრა მოუწყვეს.

გიორგი სეფაშვილი, “სივილ ჯორჯია”

Exit mobile version