შევარდნაძე და აბაშიძე თანამშრომლობის პირობას დებენ
მას შემდეგ, რაც კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებთან შევარდნაძის შეხვედრა წარუმატებელი აღმოჩნდა, ასლან აბაშიძემ პრეზიდენტს შექმნილი კრიზისის დაძლევაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შევარდნაძესა და აბაშიძეს შორის პირისპირ გამართული მოლაპარაკებების დეტალები უცნობი რჩება.
“ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით და ერთად ვიქნებით”, – განაცხადა შევარდნაძემ ბათუმის სტადიონზე აღორძინების კავშირის მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას, რომლებიც ყვიროდნენ “ბაბუ, ბაბუ” ორივე ლიდერის მისამართით.
“დემაგოგია უნდა შეწყდეს”, – განუცხადა შევარდნაძე ხალხს ოპოზიციური ლიდერების მისამართით. “თქვენ ასე ვერ ააშენებთ ქვეყანას. მხოლოდ მშრომელ ხალხს შეუძლია საქართველოს შენება. საქართველოში აღორძინება მიმდინარეობს და ეს აჭარიდან დაიწყო”, – დასძინა პრეზიდენტმა.
2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ასლან აბაშიძემ ცვლილებები შეიტანა აჭარის კონსტიტუციაში. არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, აღორძინება მეორე ადგილს იკავებს მაშინ, როცა პირველ ადგილზეა სახელისუფლებო ბლოკი “ახალი საქართველოსთვის”.
აჭარის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ასლან აბაშიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სამხედრო პირი ხდება და რესპუბლიკას აქვს უფლება შექმნას საკუთარი სამხედრო ქვედანაყოფები.
ეს ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც, ავტონომიურ რესპუბლიკას არ აქვს უფლება საკუთარი სამხედრო შენაერთები ჰყავდეს. შევარდნაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით აჭარაში ვიზიტისას დუმილი ამჯობინა, რადგან მას ახლა სანდო მოკავშირე სჭირდება, რადგან ათასობით ადამიანი მის გადადგომას მოითხოვს თბილისში.
ორივეს, შევარდნაძესაც და აბაშიძესაც, ერთი ოპონენტი ჰყავთ მიხეილ სააკაშვილის სახით, ამიტომ, როგორც ეტყობა, ახლა დრო არ არის აჭარის მიერ ცენტრალურ ბიუჯეტში გადასახადების გადაუხდელობის საკითხის გასარჩევად. ეს საკითხი წლის დასაწყისში დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა და მაშინ კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობები თბილისსა და ბათუმს შორის.
პრეზიდენტ შევარდნაძესთან მოლაპარაკებებს წინ უძღოდა ასლან აბაშიძის მიმართვა აჭარის მოსახლეობისადმი – “თუ ნაციონალური მოძრაობა მოვა ხელისუფლებაში, ეს კატასტროფა იქნება. ჩვენ არ დავუშვებთ ამას. ჩვენ კანონიერ ხელისუფლებას დავუდგებით გვერდზე და დავიცავთ დემოკრატიას ქვეყანაში”.
აჭარის ხელმძღვანელობა პრეზიდენტ შევარდნაძეს ნებისმიერ სახის დახმარებას დაპირდა საჭიროების შემთხვევაში. “ჩვენ შეგვიძლია ჩამოვიდეთ თბილისში, რათა დავიცვათ არა მარტო ჩვენი ხმები, არამედ თქვენი [შევარდნაძის ბლოკის] ხმებიც”, – განაცხადა აღორძინების ერთ-ერთმა ლიდერმა ჯემალ გოგიტიძემ.
“ჩვენ ასევე შეგვიძლია სამხედრო შენაერთებით დავეხმაროთ შევარდნაძეს, და თუ საჭირო იქნება რუსეთის სამხედრო შენაერთებიც გამოვიყენოთ [რუსეთის სამხედრო ბაზა ჯერ კიდევ ბათუმშია განლაგებული]”, – განაცხადა ჯემალ გოგიტიძემ 10 ნოემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში.
თუმცა, მოგვიანებით, შევარდნაძემ უარყო, რომ ის და აბაშიძე სამხედრო დახმარებაზე შეთანხმდნენ. “მე არასოდეს ვიკადრებ, რომ სამხედრო დახმარება ვთხოვო ასლან აბაშიძეს”, – განაცხადა შევარდნაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში.
ზუსტად ორი წლის წინ, 2001 წლის ნოემბერში, ედუარდ შევარდნაძე ბათუმში ჩავიდა, რათა ასლან აბაშიძესთან თბილისში, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ოფისში უშიშროების სამინისტროს თანამშრომელთა ჯგუფის შეჭრის შედეგად ქვეყანაში გამოწვეული კრიზისი განეხილა.
მაშინ ათიათასობით ადამიანმა თბილისში საპროტესტო აქცია გამართა სიტყვის თავისუფლების დაცვისა და შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით. ორი წლის წინ ბათუმში ორი ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადებები ძალიან ჰგავს 2003 წლის 10 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებებს. 2001 წელს პრეზიდენტმა შეძლო გადადგომის თავიდან აცილება და კრიზისი მოგვარება მთავრობის გადაყენებით მოხერხდა.
გიორგი სეფაშვილი, “სივილ ჯორჯია”