“ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ ვერანაირი ძალა ვერ გაგვთიშავს, ვიდგებით ერთად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ აჭარა საქართველოს განუყოფელი ნაწილია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თბილისში მიმდინარე მოვლენებს შეეხო აჭარის რესპუბლიკის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე და განაცხადა, რომ თბილისში მიმდინარე მოვლენები სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობაა.
“ნაციონალების ხელისუფლებაში მოსვლა, ჩვენ თუ ამას დავუშვებთ, კატასტროფა იქნება. ჩვენ კი ამას არ დაუშვებთ. ჩვენი ვალია დავდგეთ იქ, სადაც კანონიერი ხელისუფლებაა და დავიცვათ დემოკრატია”, – განაცხადა ასლან აბაშიძემ, რომელმაც სრული მახარდაჭერა აღუთქვა ედუარდ შევარდნაძეს.
ასევე მხარდაჭერა აღუთქვა პრეზიდენტს “დემოკრატიული აღორძინების” კავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯემალ გოგიტიძემ. “თუ საჭირო იქნება ჩვენ არამარტო ჩვენი ხმების, არამედ თქვენი ხმების დასაცავად ჩამოვალთ თბილისში”, – განუცხადა გოგიტიძემ შევარდნაძეს.
აქამდე ასლან აბაშიძე და მისი დემოკრატიული აღორძინების კავშირი თავიანტ თავს შევარდნაძის ოპოზიციას უწოდებდნენ და მის ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ საჯარო გამოსვლებში.