(თბილისი, 9 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძესა და რუსეთის პრესიდენტს ვალდიმირ პუტინს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც განხილული იყო საქართველოში მიმდინარე მოვლენები. საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივნის კახა იმნაძის განცხადებით, საუბარი რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.
“რუსეთის პრეზიდენტს აინტერესებდა ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ედუარდ შევარდნაძისეული ხედვა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. თქვენ სწორი და გაბედული ნაბიჯი გადადგით, ასეთი იყო პუტინის შეფასება, როდესაც გაიგო, რომ ედუარდ შევარდნაძე აქციის მონაწილეებს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე დადებითად შეაფასა პრეზიდენტის მოწოდება ოპოზიციის მიმართ შეხვედრის თაობაზე. რუსეთის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს პრეზიდენტს”, – განაცხადა კახა იმნაძემ.
მისი თქმით, ედუარდ შევარდნაძემ პუტინს მოახსენა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩევნები საქართველოში ჩატარდა.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის ელჩი საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილი მიიღო. როგორც ჩხიკვიშვილმა აცნობა ჟურნალისტებს, შეხვედრაზე საქართველოში არსებული სიტუაცია განიხილეს.
ელჩის თქმით, გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან არსებობს. “პოლიტიკურმა მხარეებმა უარი უნდა თქვან ძალის გამოყენებაზე და მოლაპარაკებების გზით გამონახონ გამოსავალი”.