მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს

(თბილისი, 2 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ის ამომრჩეველი, რომელმაც ვერ შეძლო არჩევნებში მონაწილეობის მიღება საარჩევნო სიებში არყოფნის გამო, უნდა წავიდეს საოლქო კომისიაში თავის აღსადგენად და პოზიციის დასაფიქსირებლად.

“ყველას მოგიწოდებთ, ვინც ვერ მისცა ხმა, რათა კიდევ არ გაგვიხდეს შემდეგი ოთხი წელი სანანებლად, მიდით საარჩევნო უბანზე და გამოხატეთ თქვენი ნება. კანცელარიიდან მაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება უბნების დარბევა ხელისუფლების მხრიდან, რადგან სახელისუფლებო ბლოკმა არჩევნებში ძალიან დაბალი პროცენტი მიიღო. ჩვენ გვაქვს შანსი ამ მთავრობის შეცვლის და მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, რომელსაც საარჩევნო უბანზე სამჯერ მოუწია მისვლა იმის გამო, რომ სიაში არ იყო შეყვანილი.

მისი თქმით, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კი ოპოზიციური პარტიები გამონახავენ საერთო ენას, რათა შემდგომ არ მოხდეს არჩევნების გაყალბება და ზედმეტი ბიულეტენების გამოყენება. მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ამომრჩეველთა ხმებს ოლქებში ოპოზიციური პარტიები დაიცავენ, ხოლო მანამდე ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ საარჩევნო უბნებთან თვითონ დაიცვან თავიანთი ხმა.

Exit mobile version