აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 31 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც იგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ზაფხულის შემდეგ მაღალი რანგის რამდენიმე დელეგაცია გამოგზავნა საქართველოში, რათა დაერწმუნებინა ქართული პოლიტიკური წრეები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაში.
ვაშინგტონის მესიჯი სავსებით ნათელი იყო: თუ არჩევნები საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ნორმების დარღვევით ჩატარდება, ქვეყნის პარლამენტი ნდობას დაკარგავს და საქართველოს საერთაშორისო იმიჯი სერიოზულ დარტყმას მიიღებს.
საპარლამენტო არჩევნებზე მონიტორინგს დაახლოებით 600 უცხოელი და 3000-მდე ადგილობრივი დამკვირვებელი განახორციელებს. ეუთო-მ თავის წევრ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ყველაზე ფართომასშტაბიანი მისია გამოაგზავნა საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 3000-მდე მოხალისისგან დამკვირვებელთა ჯგუფი შექმნა. ეს ჯგუფიც არჩევნებზე მონიტორინგს განახორციელებს. “სამართლიანი არჩევნები” ასევე ხმების პარალელურ დათვლას მოახდენს, რაც არჩევნების შედეგების გაყალბების თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთ მნიშვნელოვან მეთოდად არის მიჩნეული.
თუმცა, წინასაარჩევნო პროცესი საქართველოში ნაკლებად ოპტიმისტურ პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მხრივ. ამომრჩეველთა სიებში უზუსტობები და ძალადობა პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა.
დონორი ქვეყნების დიდი მცდელობის მიუხედავად დახმარებოდნენ საქართველოს ამომრჩეველთა ზუსტი სიების შედგენაში, არჩევნების დღესაც კი გაუგებარი რჩება, თუ რამდენად ზუსტია ამომრჩეველთა სიები. ამომრჩეველთა სიებში არეულობა არჩევნების გაყალბების საუკეთესო საშუალებაა.
2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბევრია დამოკიდებული არა მარტო ქვეყნისათვის, არამედ პოლიტიკოსებისთვისაც. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს და გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში კარგი პლატფორმა იქნება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
ურთიერთობა სახელისუფლებო ბლოკ “ახალი საქართველოსთვის” და რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს შორის საკმაოდ დაძაბულია. დამკვირვებლები არ გამორიცხავენ, რომ ამგვარმა დაძაბულობამ, შესაძლოა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ოპოზიციაც და მთავრობაც ერთმანეთს ადანაშაულებს არჩევნების წინ სიტუაციის გართულებაში.
ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ოპოზიციურ პარტიებს კარგი შანსი აქვთ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მისაღწევად, თუმცა, დამკვირვებელთა თქმით, ვერცერთი მათგანი ვერ შეძლებს ახალ პარლამენტში ადგილების უმრავლესობის მოპოვებას.
“ეგზით პოლის” გამოკითხვების შედეგები, რომელიც აშშ-ის სოციოლოგიური გამოკითხვის კომპანია “გლობალური სტრატეგიის ჯგუფმა” უნდა განახორციელოს, 2 ნოემბერს საღამოს 8 საათზე იქნება ცნობილი.
გიორგი სეფაშვილი, ნათია ალადაშვილი, “სივილ ჯორჯია”