არჩევნები ხელნაწერი სიების მიხედვით ჩატარდება

სიებთან დაკავშირებით შსს პასუხისმგებლობას იხსნის

დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც ორ დღის განმავლობაში ცდილობდა აღმოეჩინა ამომრჩეველთა არაზუსტი სიების შედგენისთვის პასუხისმგებელი ორგანო, თბილისის ამომრჩეველთა სიებში არსებული უზუსტობებისთვის “პასუხისმგებლობის დიდი წილი” შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძველ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დააკისრა.

ამომრჩეველთა არსებულმა სიებმა, რომელიც, როგორც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, სრულიად გამოუსადეგარია მათში დაფიქსირებული უამრავი უზუსტობის გამო, ელექტრონულ ფორმატში გადაყვანამდე სამი ორგანოს ხელში გაიარა.

თავდაპირველად, ივნისში, სიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამუშავებდა, რასაც კოორდინაციას პრეზიდენტის მაშინდელი საპარლამენტო მდივანი მარიამ ცაცანაშვილი უწევდა. შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილი სიები ძველ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეცა, სადაც სიები თვენახევრის განმავლობაში  გაურკვეველ ვითარებაში ინახებოდა.

ძველმა ცსკო-მ სიები არასამთავრობო ორგანიზაცია “საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს” აგვისტოში გადასცა. ეს უკანასკნელი წარმოადგენდა საქართველოს ხელისუფლების კონტრაქტორ ორგანიზაციას, რომელიც სიების კომპიუტერიზაციას უზრუნველყოფდა.

სიებში არსებული უზუსტობების დაშვება შესაძლებელი იყო სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ სამ ორგანოში.

ექსპერტები – იურისტი დავით უსუფაშვილი, ანტიკორუფციული საბჭოს წევრი, გაზეთ რეზონანსის რედაქტორი ლაშა ტუღუში და სოციოლოგიური კვლევების კომპანია “აი-პი-ემ”-ის წარმომადგენელი გოჩა ცქიტიშვილი 24-25 ოქტომბერს შეხვედრებს აწარმოებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და კომპიუტერულ ცენტრში, სადაც სიების კომპიუტერიზაცია მიმდინარეობდა. სხვადასხვა დარღვევების აღმოჩენის მიუხედავად, ექსპერტები ვერ ასახელებენ კონკრეტულ პირებს, ვისაც ბრალი მიუძღვით სიების უზუსტობაში, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიუთითებენ.

ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით გაუგებრობას ისიც იწვევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს სიების რამდენიმე ვარიანტი. კერძოდ, არის თბილისის სიების როგორც ელექტრონული ვერსია, ასევე – ხელნაწერიც.

“ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ვერ შევძელით თბილისის ამომრჩეველთა სიების ელექტრონული ვერსიის მოპოვება. ამ მოთხოვნაზე განგვიცხადეს, რომ პირველადი ასლები მათ უკვე აღარ მოეპოვებათ, რაც ეჭვს ბადებს. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის ამომრჩეველთა სიებზე პასუხისმგებლობა სამინისტროს ეკისრება, ამაში ყველაზე დიდი წვლილი სამინისტროს მიუძღვის”, – განაცხადა 27 ოქტომბერს არჩევნების მედია ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე დავით უსუფაშვილმა.

ექსპერტების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მასალების გადაცემა ორი სახით მოხდა: თბილისის მასშტაბით სიები ელექტრონული სახით გადაეცა ცსკო-ს, ხოლო რეგიონების მასშტაბით – ხელნაწერების სახით.

ექსპერტები საეჭვოდ მიიჩნევენ სიების გადაცემის ვადების დარღვევას. კერძოდ, დაგვიანებით მოხდა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან სიების ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის გადაცემა. შემდეგ კი ასევე დაგვიანებით მოხდა ცსკო-დან სიების კომპიუტერული ცენტრისთვის მიწოდება.

დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, სიები 3 ივლისიდან 15 აგვისტომდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ინახებოდა და რა სახის სამუშაოები ტარდებოდა, გაურკვეველია.

“ყოველივედან გამომდინარე, არსებობს მოსაზრება, რომ ყველაფერი განზრახ ხდებოდა. სიების შედგენაში ცდომილება რომელიმე ორგანიზაციის მხრიდან დაუდევრობით არ მოხდა, არამედ შეგნებულად, რაც არჩევნების გაყალბების საშუალებას იძლევა”, – განაცხადა გოჩა ცქიტიშვილმა.

ექსპერტები დაუყოვნებლივ ითხოვენ საქმის გამოძიებას და დამნაშავე პირების გამოვლენას.
“სიების დაზუსტებაზე მუშაობის დაწყებით ჩვენ არ ვაპირებდით გამოძიებას და დამნაშავის დადგენას, ეს სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა”, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
 
“პრინციპული პოზიცია აქვს იმას, რომ დაიწყოს გამოძიება. ვადასტურებ, რომ არაზუსტი სიების შედგენაში დამნაშავე პირთა რაოდენობა, რომლებიც უშუალოდ ბრძანებებს იძლეოდა, დიდი არ არის და ისინი აუცილებლად უნდა გამოვლინდნენ”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებს ეჭვქვეშ აყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს.

“ეს ბრალდება კი უსაფუძვლოდ მეჩვენება. აქვე უნდა განვაცხადო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს სიები არ შეუდგენია, უბრალოდ ვახდენდით რეგისტრირებული ადამიანების აღწერას და არაზუსტი სიების შედგენაში სამინისტროს დადანაშაულება მართებული არ არის”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას შს მინისტრის მიადგილემ დავით თოდუამ.

მან მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ სიების შედგენა სრული წესების დაცვით არ მომხდარა და მართლაც არსებობს მთელი რიგი დარღვევები, თუმცა, არ აკონკრეტებს, თუ რომელი უწყების მიერ იქნა დაშვებული დარღვევები და აცხადებს, რომ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პასუხისმგებლობის დაკისრება უმართებულოა.

ამასვე ადასტურებს შსს ინფორმაციის სამმართველოს უფროსი ავთანდილ ჯაში და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ძალით შექმნილი პრობლემებია და არაზუსტი სიების შედგენაში კონკრეტულად სამინისტროს წვლილი ძალიან მწირი შეიძლება იყოს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძველი ცსკო-ზე ხელის დაფარებას ცდილობს პრეზიდენტის მხარდამჭერი საარჩევნო ბლოკიც. ლევან მამალაძემ, ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ სიების შედგენისას, შესაძლოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დარღვევები ყოფილიყო, “თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ სიები კომპიუტერში საბოლოო ჯამში შეიყვანა “საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა”, სწორედ აქ უნდა გავარკვიოთ, როგორ მოხდა ამ სიების კომპიუტერიზაცია.”

27 ოქტომბერს კომპიუტერულმა ცენტრმა საერთოდ შეწყვიტა მუშაობა, იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პოლიტიკურ პარტიებთან შეთანხმების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება 2 ნოემბრის არჩევნებისას დაეყრდნოს არა ამომრჩეველთა კომპიუტერიზირებულ სიებს, რომელშიც უამრავი უზუსტობაა, არამედ ხელნაწერ ვარიანტს. ამ უკანასკნელში შესწორებები შევა ადგილებზე საარჩევნო უბნებში.

თეა გულარიძე, “სივილ ჯორჯია”

Exit mobile version