(თბილისი, 28 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი დღეს სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთ ლიდერს ვაჟა ლორთქიფანიძეს შეხვდა. ელჩის თქმით, 2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების ნორმალურად ჩატარება ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს.
“არჩევნები დემოკრატიულად და თავისუფლად უნდა ჩატარდეს. აქტიური მონაწილეობა ხალხმა უნდა მიიღოს და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია”, – განაცხადა შეხვედრისას რიჩარდ მაელსმა.
აშშ-ს ელჩი 27 ოქტომბერს ასევე შეხვდა ოპოზიციური ლეიბორისტული (შრომის) პარტიის და “ახალი მემარჯვენეების” ლიდერებს, რომლებსაც არჩევნების სამართლიანად ჩატარების თაობაზე ესაუბრა. რიჩარდ მაილსი არჩევნებამდე არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის წარმომადგენლებთან აპირებს შეხვედრას.