(თბილისი, 27 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი გმობს ბათუმსა და ბოლნისში ადგილობრივ ხელისუფლებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის მომხდარ ინციდენტებს, თუმცა, კონკრეტული კომენტარისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ამ ფაქტებს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გამოძიების დასრულების შემდეგ შეაფასებს.
“მომბეზრდა ასეთ ინციდენტებში პრეზიდენტის დადანაშაულება. ამ ინციდენტის პროვოცირებასთან მე არანაირი კავშირი არ მაქვს. ჩემი სურვილია მშვიდობიანად არჩევნების ჩატარება და ქვეყნის კეთილდღეობა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა თავის ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში 27 ოქტომბერს.
ბათუმში ნაციონალურ მოძრაობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დაპირისპირებას 24 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი, როცა “ნაციონალების” აქტივისტები საპროტესტო აქციის გამართვას ცდილობდნენ ბათუმის ცენტრში.