დამოუკიდებელი ტელეკომპანია ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს

(თბილისი, 25 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – დამოუკიდებელი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პრეზიდენტმა ეროსი კიწმარიშვილმა სახელმწიფო მინისტრი, სახელისუფლებო ბლოკის ლიდერი ავთანდილ ჯორბენაძე ტელეკომპანიაზე ზეწოლაში დაადანაშაულა.   

“ავთანდილ ჯორბენაძე 23 ოქტომბერს იყო ჩვენთან და მთხოვა ხელისუფლების სასარგებლოდ გამეშუქებინა სიტუაცია არჩევნების წინ. მან ასევე მოგვთხოვა თავი შეგვეკავებინა არჩევნების დღეს [2 ნოემბერს] “ეგზიტ პოლის” ჩატარებისგან, რასაც “რუსთავი-2″ ყოველ არჩევნებზე აკეთებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარით”, – განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა 24 ოქტომბერს. 

კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის თავჯდომარე ვახტანგ აბაშიძე 24 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა, “კომისიაზე პოლიტიკური ზეწოლის მოტივით”. 

კომისიას მე-9 მეტრულ არხზე სატენდერო წინადადება უნდა განეხილა. ეს არხი საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ფარავს.

არხის შესყიდვაზე სურვილი “რუსთავი 2”-მა და ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაფუძნებულმა კომპანია “ტექნომედიამ” გამოთქვეს.

პატარკაციშვილს კარგი ურთიერთობები აქვს მთავრობასთან, მაშინ როცა ხელისუფლებას საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს დამოუკიდებელ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან.

Exit mobile version