(თბილისი, 4 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ოთხთვიანი დაგვიანების შემდეგ, დღეს თბილისის მეორე მოწვევის საკრებულო პირველ სხდომას მართავს.
საკრებულოს მუშაობის დაგვიანება ხმათა გადათვლის მიმდინარეობის გამო იყო გამოწვეული. თბილისის საკრებულოს 2 ივნისის არჩევნების შედეგები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გასულ კვირას გამოაცხადა.
ეს შედეგები, როგორც მოსალოდნელი იყო პირვანდელისაგან თითქმის არ განსხვავდება. ლეიბორისტებმა და ახალმა ნაციონალურმა მოძრაობამ საკრებულოში ყველაზე მეტი ადგილები დაიკავეს.
საკრებულოში ასევე გავიდნენ ახალი მემარჯვენეები, საქართველოს ქრისტიან-კონსერვატორთა პარტია (ჟვანიას გუნდი), საარჩევნო ბლოკი მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, საარჩევნო ბლოკი აღორძინება-XXI, ბლოკი “ერთობა”.
სოციალისტურმა პარტიამ კვირას მიმართა სასამართლოს რათა გაუქმდეს არჩევნების შედეგები. პარტია მიიჩნევს რომ საკრებულოს სხდომა უკანონოდ დაინიშნა. ამიტომ არ არის გამორიცხული საკრებულოს მუშაობა კვლავ შეფერხდეს.