ხმებს ხელახლა დაითვლიან

არჩევნების შედეგები შესაძლოა შეიცვალოს


პირველად ქართული არჩევნების ისტორიაში თბილისში ამომრჩეველთა ხმების ხელახალი დათვლა მოხდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიამ (ცსკ) ეს გადაწყვეტილება წამყვანი რამოდენიმე პარტიის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ მიიღო.

ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელიც იყო, თუ იმ პროტესტს და კრიტიკას გავითვალისწინებთ, რომელიც პარტიების და დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან 2 ივნისის ადგილობრივი არჩევნების ჩატარების არაორგანიზებულობამ გამოიწვია.

ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ერთადერთი ლეიბორისტული შრომის პარტია გამოვიდა, რომელიც წინასწარი მონაცემებით არჩევნების გამოარჯვებულია. ნაციონალური მოძრაობის, ჟვანიას გუნდის, სოციალისტებისა და სხვა რამოდენიმე პარტიის მოთხოვნას ხმების გადათვლის თაობაზე სახელისუფლებო პარტია მოქალაქეთა კავშირიც კი დაეთანხმა, რომელმაც ვერ მოახერხა თბილისის საკრებულოში მოსახვედრად 4%-იანი ბარიერის გადალახვა.

ყველა წამყვანი პოლიტიკური ძალა ადგილობრივი არჩევნების შედეგების გადახედვის მომხრეა. დღეს გამართულ პარლამენტის სხდომაზე ფრაქციათა უმრავლესობამ ხმების ხელახალი გადათვლა მოითხოვეს.

დეპუტატებმა 2 ივნისის არჩევნების თაობაზე დებატები გამართეს და არჩევნების პროცესი უარყოფითად შეაფასეს. პოლიტიკურ პარტებთან ერთად არჩევნების პროცესისას და მის წინა დღეებში არსებულ უამრავ დარღვევაზე საუბრობენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს აკვირდებოდნენ.

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელმძღვანელთა კონგრესის დელეგაციამ, რომელიც ადგილობრივ არჩევნებს აკვირდებოდა, სინანული გამოთქვა, რომ თავისუფალი საარჩევნო პროცესის ცუდი მომზადებისა და ხელისუფლების საეჭვო გადაწყვეტილებების გამო არ შედგა.

“საქართველოში დემოკრატიული პროცესი ჯერ კიდევ ვერ პასუხობს ქართველი ხალხის მისწრაფებებს, ქართველი ხალხი გაცილებით უკეთესს არჩევნებს იმსახურებს,” განაცხადა ევროსაბჭოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელმა ლუი როპემ თბილისში 3 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მკაცრი შეფასება მისცა არჩევნების პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამაც.

არჩევნებით კმაყოფილი მხოლოდ პრეზიდენტი შევარდნაძეა. “პირადად მე კმაყოფილი ვარ არჩევნების ჩატარების დონით,” განაცხადა პრეზიდენტმა 4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.

პრეზიდენტის განცხადებით რა უსიამოვნებასაც ადგილი ჰქონდა არჩევნების დროს ეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დაშვებული შეცდომების ბრაილია. ედუარდ შევარდნაძემ კატეგორიულად უარყო ნაციონალური მოძრაობისა, ჟვანიას გუნდისა და სხვა პარტიების ბრალდებები იმის შესახებ რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რათა არჩევნები არ ჩატარებულიყო.

“ხელისუფლებას ფალსიფიკაცია, რომ დომოდა არჩევნების შედეგები სულ სხვანაირი იყნებოდა,” განაცხადა შევარდნაძემ და ამის დასტურად სახელისუფლებო პარტიის “მოქალაქეთა კავშირის” არჩევნებში წარუმატებელი გამოსვლა დაასახელა. “მოქალაქეებმა” ვერ შეძლეს 4%-იანი ბარიერის გადალახვა და თბილისის საკრებულოში ადგილების დაკავება.

თბილისში ამომრჩეველთა ხმების ხელახალი გადათვლამ შესაძლოა ახალი შედეგები დააფიქსიროს, თუმცა როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ დიდ გავლენას ეს პროცედურა ხმების გადანაწილებაზე ვერ მოახდენს. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდა რომ დარღვევები მთელი შედეგების 20%-ს შეადგენს საარჩევნო კოდექსის თანახმად უნდა დაინიშნოს განმეორებითი არჩევნები თბილისში.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

&ნბსპ;

Exit mobile version