(თბილისი, 13 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – დამოუკიდებელი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს 12 ოქტომბერს ზუგდიდში თავს დაესხნენ, მაშინ როცა ისინი ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას” აქტივისტების მიერ მოწყობილი ანტისამთავრობო აქციის გადაღებას ცდილობდნენ.
“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტების განცხადებით, რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა, სახელისუფლებო ბლოკის “ახალი საქართველოსთვის” მხარდამჭერებმა, სასტიკად ცემეს მათი ოპერატორი.
11 ოქტომბერს პოლიცია ასევე დაესხა თავს “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს ფოთში. პოლიციამ მათ ვიდეოკამერა და ის ფირი წაართვა, რომელზეც ჩაწერილი იყო, თუ როგორ ცემდნენ პოლიციელები “კმარას” აქტივისტებს, რომლებიც ფოთში შევარდნაძის ვიზიტის დროს ჩავიდნენ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის ჩასატარებლად.