ცსკო-მ პარტიული სიების მიღება დაასრულა

22 პარტია და ბლოკი პროპორციული სისტემით გამარჯვებისთვის იბრძოლებს

პარტიული სიების ფორმირების ხანგრძლივი პროცესი დასრულდა. ცსკ-ომ 2 ოქტომბერს დაასრულა განაცხადების მიღება პარტიულ სიებთან დაკავშირებით. ოპოზიციურ გაერთიანებებთან ერთად საზოგადოების ყველაზე დიდ ინტერესს სახელისუფლებო ბლოკის სიებში წარმოდგენილი კანდიდატები და მათი თანამიმდევრობა იწვევდა.

პარტიული სიების შედგენა ქართულ საარჩევნო პრაქტიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ცნობილია, რომ სიის პირველ ათეულში მოხვედრა მეტად პრესტიჟულია დეპუტატობის კანდიდატებისათვის. სიების შედგენის პროცესი საზოგადოებისათვის ფარულად, შიდა კონსულტაციების გზით მიმდინარებს. ამიტომაც ამ არაგამჭირვალე პროცესის შედეგები საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ხშირად ყოფილა, რომ პარტიულ სიებზე შეუთანხმებლობის გამო დიდი პოლიტიკური გაერთიანებების შექმნა კრახით დამთავრებულა.

ამ საფრთხის წინაშე რეალურად დადგა სახელისუფლებო ბლოკი “ახალი საქართველოსთვის”. სახელისუფლებო ბლოკში 9 სუბიექტია გაერთიანებული, რაც ბუნებრივია, რომ სიებში კვოტების გადანაწილების რთულ პროცესზეც აისახა. ეს პროცესი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა შეთანხმებას ბოლო მომენტამდე ვერ აღწევენ სახელისუფლებო ბლოკის ლიდერები.

“სახელისუფლებო ბლოკში ყველაზე მეტი სუბიექტია და ბუნებრივია, რომ სიებთან დაკავშირებით დაძაბულობა არსებობდა. საბოლოოდ, ყველა სუბიექტს მოგვიწია მოკლება ჩვენი კვოტებიდან”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ირაკლი მინდელმა სახელისუფლებო ბლოკიდან.

ბლოკის ლიდერთა შეხვედრები რეგულარულად იმართებოდა სახელმწიფო კანცელარიაში. დახურული ფორმატის მიუხედავად, კონსულტაციებიდან გამოსული ლიდერები კვოტების განაწილებასთან დაკავშირებულ უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ. პარტიული სიების საბოლოოდ ჩამოყალიბებამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბლოკის დატოვებას აპირებდნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ირინა სარიშვილი-ჭანტურია და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელი თამაზ ნადარეიშვილი, არ გამართლდა.

თუმცა, კვოტების გადანაწილებით უკმაყოფილო მათ გარდა თბილისის მერი ვანო ზოდელავა, სოციალისტთა ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი, ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე და ბლოკის სხვა სუბიექტებიც დარჩნენ. გააფრთებული ბრძოლა 50-70 ადგილის გადანაწილების ირგვლივ მიმდინარეობდა, რადგან ეს არის დეპუტატების ის რაოდენობა, რომლის პროპორციული წესით პარლამენტში გაყვანას გეგმავს სახელისუფლებო ბლოკი.

“უკმაყოფილო ვარ კვოტების გადანაწილებით, რადგან დედაქალაქის მოსახლეობას ის რაოდენობა არ მისცეს, რამდენიც ეკუთნოდა”, – აცხადებს განაწყენებული თბილისის მერი ვანო ზოდელავა, რომელიც სახელისუფლებო ბლოკის ლიდერთა შორის ყველაზე რეიტინგულ ფიგურად მიიჩნევა.

სახელისფლებო ბლოკის 224 კაციან სიას სათავეში ვაჟა ლორთქიფანიძე უდგას. ათეულში ადგილებს ინაწილებენ პარლამენტის სახელისუფლებო ფრაქციის ლიდერი ყოფილ პარლამენტში ელგუჯა მეძმარიაშვილი, ვახტანგ რჩეულიშვილი, ირინა სარიშვლი-ჭანტურია, ლევან მამალაძე, თამაზ ნადარეიშვილი და სხვები. სახელისუფლებო ბლოკის სიაში გამოკვეთილი ლიდერი არ არის. სიის არაოფიციალურ ლიდერს პრეზიდენტ შევარდნაძეს სხვა სუბიექტებთან შედარებით ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს სიაში.

წარმოდგენილი პარტიული სიებიდან ორიგინალური პირველი სამეულით “ბურჯანაძე-დემოკრატების” სია გამოირჩევა. სიას ლიდერობს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელიც ერთადერთია ბლოკების ლიდერთაგან, ვინც მაჟორიტარულ არჩევნებშიც იღებს მონაწილეობას. სიის მეორე ნომერი ყოფილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, ტრადიციონალისტთა ლიდერი აკაკი ასათიანია. მესამე ადგილს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია იკავებს. სიის პირველ ათეულში “ბურჯანაძე-დემოკრატებს” ახალი სახეები გოკა გაბაშვილი და გიორგი მარგველაშვილი ჰყავთ წარმოდგენილი.

“ძალიან საინტერესო ბლოკი და პარტიული სია ჩამოყალიბდა. ის აერთიანებს საკმაოდ პროფესიონალ, საქმის მცოდნე ღირსეულ ადამიანებს, სიის ფორმირებისას თითოეულ ადამიანს ვაფასებდით მისი გამოცდილების მიხედვით”, – განუცხადა სივილ ჯორჯიას “ბურჯანაძე-დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ.

ბლოკი “სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობა”Gამაყობს, რომ მათ სიაში ყოფილი მოქალაქეთა კავშირის მხოლოდ სამი წევრია შესული. ბლოკის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი სიებში არ ფიგურირებს, რადგან მან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დარჩენა ამჯობინა და პარლამენტარობაზე უარი განაცხადა. სიას სათავეში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი კობა დავითაშვილი უდგას. მეორე ადგილს კი ყოფილი ტრადიციონალისტი, ნაციონალური მოძრაობის ახალი სახე მაია ნადირაძე იკავებს.

“ახალი მემრჯვენეების” ერთი ლიდერი დავით გამყრელიძე პარტიულ სიაში პირველ ადგილს, ხოლო მეორე ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე 75 ადგილს იკავებს. “ახალი მემრჯვენეების” ძველ სახეებთან ერთად პირველ ათეულში ბლოკის ახალი წევრები რევაზ შავიშვილი და ვახტანგ ხმალაძეც არიან შესულნი. სიის მეთერთმეტე ნომერია ცნობილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის და მზია თორთლაძე.

სიების წარმოდგენისას სხვა პარტიებისგან კონსპირაციით გამორჩეული ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და სიის პირველი ნომერი შალვა ნათელაშვილი ახალ პარლამენტში 120 დეპუტატის გაყვანას დიდი ოპტიმიზმით გეგმავს. ლეიბორიტული პარტიის ათეულში არიან ყოფილი მინიტრი ფრიდონ ინჯია და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი.

“ჩვენ ვემზადებით ხელისუფლების ასაღებად, რისთვისაც გადაწყვეტილების მიმღები უმრავლესობა გვჭირდება პარლამენტში. ქართულ საზოგადოებას ორი რამ აქვს ასარჩევი ან ლეიბორისტული პარტია ან ედუარდ შევარდნაძე”, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

“აღორძინების” პარტიულ სიას, ტრადიციულად, აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე მეთაურობს. აღორძინების სიის მიღმა დარჩა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, რაც ყველაზე დიდი მოულოდნელობა იყო. სიაში არ ფიგურირებს არც ვალერი გელბახიანი. “პარტიას ახალი სისხლის გადასხმა სჭირდება”, – ასე ხსნის ამ მოულოდნელობას აღორძინების თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცოტნე ბაკურია. აღორძინების საარჩევნო სიახლეს სიაში შოუბიზნესის წარმომადგენლის, მომღერალ დათო ხუჯაძის მეცხრე ნომრად გამოჩენა წარმოადგენს.

საქართველოში ნომერ პირველ ტერორისტად დასახელებული იგორ გიორგაძე ოპოზიციური ბლოკის “სამშობლოს” სიის პირველი ნომერიც ხდება. გიორგაძე ეჭვმიტანილია პრეზიდენტ შევარდნაძეზე მოწყობილი პირველი ტერაქტის ორგანიზებაში და 1995 წლიდან იძებნება. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში იგორ გიორგაძის მაჟორიტარული წესით კენჭისყრის მცდელობა კრახით დამთავრდა. ცსკ-ომ და შემდეგ სასამართლომ გიორგაძე არჩევნებიდან მოხსნა.

“თუ ამჯერადაც იგორ გიორგაძეს არ მიცემენ არჩევნებში მონაწილეობის საშულებას, მაშინ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რის წინააღმდეგაც ბოლომდე ვიბრძოლებთ”, – აცხადებენ ბლოკ “სამშობლოს” წარმომადგენლები.

2 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობას 22 საარჩევნო პარტია და ბლოკი მიიღებს. ცსკო არჩევნებში მონაწილე სუბიექტთა რაოდენობას სიების შემოწმების შემდეგ დაადგენს. წინასწარი მონაცემებით, პარტიათა უმრავლესობას სიების გამო არჩევნებიდან მოხსნა არ ემუქრება.

პარტიები, რომელთაც მეტ-ნაკლებად რეალური შანსი აქვთ არჩევნებზე გამარჯვების, ძირითადად, ძველ, კარგად ნაცნობ სახეებს სთავაზობენ საზოგადოებას. ბევრი მათგანი ყოფილი დეპუტატი ან ჩინოვნიკია.

უკანასკნელი სოციოლოგიური გამოკითხვებით კი, ოპოზიციური პარტიები და ბლოკები “ბურჯანაძე-დემოკრატები,” “ლეიბორისტები,” “ნაციონალები,” “აღორძინება,” “ახალი მემარჯვენეები” ლიდერობენ, ხოლო სახელისუფლებო ბლოკი 7% პროცენტიანი ბარიერის გადალახვასაც კი ვერ ახერხებს, თუმცა, არავის ეპარება ეჭვი, რომ პრეზიდენტის ბლოკი, თუნდაც ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენების მეშვეობით შეძლებს ამ ბარიერის წარმატებით გადალახვას.

ნინო ხუციძე, “სივილ ჯორჯია”

Exit mobile version