აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შემცირება, საქართველოს ხელისუფლებისთვის მოახლოებული არჩევნების წინ მორიგი დარტყმა აღმოჩნდა.
24 სექტემბერს, პრეზიდენტ შევარდნაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების დახმარების კოორდინატორმა თომას ადამსმა განაცხადა, რომ აშშ-ს ხელისუფლება 2004 წლიდან ამცირებს საქართველოსთვის დახმარებას, რადგან საქართველოში რეფორმების ტემპი მკვეთრად შემცირდა.
ადამსის თქმით, 27 ქვეყნიდან, რომლებიც მისი ოფისიდან იღებენ დახმარებას, საქართველო რეფორმების გატარებისა და ეკონომიკის განვითარების მხრივ ერთ-ერთ ბოლო ადგილზე იმყოფება.
“საქართველოს მეზობელი ქვეყნები გაცილებით უფრო მონდომებით ახორციელებენ რეფორმებს”, – განაცხადა თომას ადამსმა.
ფინანსური დახმარების შემცირება, ძირითადად, საქართველოს ენერგოსექტორს შეეხება. კერძოდ, კი შეჩერდება რამოდენიმე ჰიდროელექტროსადგურისა და სხვა ენერგოობიექტების რეაბილიტაცია. თუმცა, როგორც თომას ადამსმა განაცხადა, არ შეჩერდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (იუსაიდი) მიერ განხორციელებული პროექტი, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდაში დახმარებას ისახავს მიზნად.
ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ყველაზე დიდ ფინანსურ დახმარებას აშშ ისრაელის შემდეგ საქართველოს აძლევს. საქართველოში აშშ-ის საელჩოს მონაცემებით, 1992 წლიდან მოყოლებული, ვაშინგტონმა თბილისს, დაახლოებით, 700 მილიონი დოლარის ფინანსური დახმარება აღმოუჩინა. ამას ემატება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენოს ხაზით 1996 წლიდან წამოსული დახმარებაც – 376 მილიონი დოლარი.
ამერიკის მხრიდან საქართველოში დაფინანსებამ პიკს 2000 წელს მიაღწია და გამოყოფილი თანხის რაოდენობამ 108 483 000 დოლარი შეადგინა. ამის შემდგომ, ყოველწლიურად, დაფინანსების მხრივ კლება შეიმჩნევა: 2001 წელს – 92 298 000 დოლარი, 2002 წელს 89 675 000 დოლარი, ხოლო 2003 წელს ამ თანხამ 83 806 000 დოლარი შეადგინა.
თომას ადამსი ჯერ-ჯერობით ვერ ასახელებს, ზუსტად რა რაოდენობის თანხას მიიღებს საქართველო 2004 წელს და აცხადებს, რომ ეს მიმდინარე წლის ბოლოსთვის გაირკვევა.
თავის რადიოინტერვიუში 29 სექტემბერს პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ სირთულეების მიუხედავად, საქართველო რეფორმებს გაატარებს და აშშ დახმარებასაც არ შეწყვეტს.
“გვაქვს გარკვეული პრობლემები. ვაღიარებთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო სრულყოფილად ვალდებულებების შესრულება, რაც იმაში გამოიხატება, რომ ლმობიერებას ვიჩენდით იმათ მიმართ, ვინც ვერ იხდიდა გადასახადებს და მათ მიმართ დათმობაზე მივდიოდით. მაგრამ ეს საკითხიც მოგვარდება და გაიზრდება გადასახადების აკრეფის მაჩვენებელი. რეფორმები კი ყველა სფეროში განხორციელდება”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
მისი ინფორმაციით, ამერიკასთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და ყველა პოლიტიკოსს მოუწოდებს, ამ თემით პროვოცირებას ნუ შეეცდებიან.
დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოსთვის დახმარების შემცირების თაობაზე, სრულიად “ლოგიკური გადაწყვეტილება იყო, რადგან ვაშინგტონი იმედგაცრუებულია საქართველოთი.”
“ამერიკაში გაწბილება და დაღლილობა იგრძნობა საქართველოს მიმართ. ეს განწყობა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გაძლიერდა. მთავრობა ვერ უზრუნველყოფს მინიმალური პრობლემების გადაწყვეტას და ძირითადად, სხვის ხარჯზე სურს საკითხების მოგვარება, რაც უფრო დიდ გაღიზიანებას იწვევს ამერიკაში. საქართველო არაფრის გამკეთებელი არ არის საშინაო პოლიტიკაში და უფრო ბევრ დახმარებას ითხოვს საგარეო პოლიტიკაში. ამის გამო საქართველოს რეპუტაცია სულ უფრო ეცემა”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გია ნოდიამ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ თავად იმყოფებოდა აშშ-ში.
ექსპერტები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ საქართველოს მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გარდა, ამერიკის ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ბოლო თვეებში საგარეო პოლიტიკის რადიკალურმა შეცვლამაც გამოიწვია.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ოფიციალურად 1995 წლიდან უწვეს ფინანსურ დახმარებას. ამერიკის დაფინანსებით, სამხედრო სფეროში ხორციელდება “წვრთნისა და აღჭურვის” სამწლიანი პროგრამა, რომელიც ქართველი ჯარისკაცების მომზადებასთან ერთად სხვადასხვა სახის სამხედრო ღონისძიებებსაც ითვალისწინებს.
ამას ემატება დახმარება ენერგეტიკის სფეროში. 1996 წლიდან აშშ-ს საერთაშორისო სააგენტო “იუსაიდი” დახმარებას უწევს სოციალურად დაუცველ ოჯახებს, დაწესებულია მოხმარებულ ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათები. სულ, 1996 წლიდან 2003 წლის ჩათვლით, “იუსაიდის” მიერ გამოყოფილია 376 593 000 დოლარი.
ეს ტენდენცია მას შემდეგ შეიმჩნევა, რაც ენერგეტიკის სფეროში საქართველო წარუმატებელი ბიზნესის გამო ამერიკულმა კომპანია “ეი-იე-ს”-მა დატოვა და მისის ქონება რუსულმა კომპანია “რაო-ეეს”-მა შეისყიდა. ამ პროცესს წინ უსწრებდა აგვისტოს თვეში სათბობ-ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრ დავით მირცხულავასა და რუსული კომპანია “გაზპრომის” ხელმძღვანელებს შორის ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგების შესახებ.
“ამერიკაში განწყობა ასეთია, რომ საქართველო არ იმსახურებს გასაკუთრებულ დამოკიდებულებას და დახმარებას, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში გადადგმული ნაბიჯების შემდეგ. ეს ამერიკის იმედების გაწბილებაა და ვრცელდება მოსაზრება, რომ საქართველო უიმედო პარტნიორია საგარეო პოლიტიკაში”, – აცხადებს გია ნოდია.
მისი შეფასებით, საგარეო პოლიტიკის კურსის შეცვლა და რუსეთისთვის უპირატესობის მინიჭება, ერთის მხრივ, ქვეყნის ხელისუფლების, კერძოდ, პრეზიდენტის მოკლევადიანი პერსპექტივით არის განპირობებული.
“მეორე ახსნა ისაა, რომ შევარდნაძე როცა ხედავს ამერიკა ბოლო პერიოდში უპირობოდ არ უჭერს მხარს და უფრო ოპოზიციური ძალებისკენ იხრება, დაშინების – შანტაჟის მეთოდს მიმართავს – თუ თქვენ არ დამიჭერთ მხარს, შესაძლოა, საგარეო პოლიტიკა შეიცვალოსო”, – განაცხადა გია ნოდიამ.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აშშ საკუთარ პოლიტიკას საქართველოსადმი საბოლოოდ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოაყალიბებს, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის.
თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია