საქართველო რუსეთთან თანასწორუფლებიან ურთიერთობებს მიესალმება

(თბილისი, 1 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ნორმალიზებისათვის რადიკალური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას მიესალმება.

“ჩვენ ბევრს არ მოვითხოვთ. ჩვენ მხოლოდ ვთხოვთ რუსეთს, პატივი სცეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. როცა რუსი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ისინი პატივს სცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და შემოაქვთ სავიზო რეჟიმი მხოლოდ ნახევარი საქართველოსთვის [აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოკლებით], როცა ისინი სარკინიგზო მიმოსვლას აღადგენენ კონფლიქტურ რეგიონში, ისე რომ საქართველოს ხელისუფლებას არც აცნობეს ამის შესახებ, როგორ შეიძლება ამგვარი განცხადება ეჭვის ქვეშ არ დავაყენოთ,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ რუსეთის რადიო “ეხო მოსკვისთვის” 30 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში.

პარლამენტის თავჯდომარის თქმით, საქართველოს სურს რუსეთთან ნორმალური, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები დაამყაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე კავკასიის ოთხეულის ქვეყნების (რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) პარლამენტის მეთაურთა შეხვედრაში იღებდა მონაწილეობას, რომელიც მოსკოვში 29-30 სექტემბერს შედგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version