იგორ გიორგაძე დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციაში არ გაატარეს

(თბილისი, 23 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს ხმების უმრავლესობით გააუქმა სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის დადგენილება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციაში უშიშროების ყოფილი შეფის იგორ გიორგაძის კანდიდატურის გატარების თაობაზე.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნანა დევდარიანის ინფორმაციით, გიორგაძის კანდიდატურის რეგისტრაციის მოხსნის ორი მიზეზი არსებობს: პირველი, ის რომ პირი, რომელმაც ხელი მოაწერა კანდიდატურის რეგისტრაციას, უფლებამოსილი არ იყო საამისოდ (საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე), და მეორე – ცსკ-ს ხელთ აქვს ორი ცნობა იგორ გიორგაძის საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილიდან, რომლებიც ერთმანეთის გამომრიცხავია.

 

საქართველოს კანონდმებლობის მიხედვით, დეპუტატობის კანდიდატი ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ცხოვრობდეს.

 

იგორ გიორგაძის კანდიდატურის წარმდგენ საინიციატივო ჯგუფს ხელთ ჰქონდა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებდა, რომ იგორ გიორგაძე ზნაურის რაიონის ტერიტორიაზეა ჩაწერილი და გარკვეული პერიოდების მანძილზე იქ ცხოვრობდა.

 

იგორ გიორგაძე, საქართველოს ხელისუფლების თხოვნით, ინტერპოლის მიერ იძებნება ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ 1995 წლის აგვისტოში განხორციელებული ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით.

Exit mobile version