ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები გადაიდო

(თბილისი, 23 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – გადაიდო ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები, რომლის ჩატარებაც 23 სექტემბერს თბილისში იყო დაგეგმილი.

საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის განცხადებით, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას ხელმძღვანელობით “ტექნიკური მიზეზების გამო” თბილისში ვერ ჩამოვიდა.

სოხუმის ხელისუფლების მეთაურის ვლადისლავ არძინბას თანაშემწემAასტამურ ტანიამ “სივილ ჯორჯიას” დაუდასტურა, რომ მოლაპარაკებები ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო, თუმცა დეტალების დაზუსტებისგან თავი შეიკავა.

“მოლაპარაკებები თბილისში ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება”, – აცნობა ტანიამ “სივილ ჯორჯიას”.

მოლაპარაკებების მთავარი თემა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა უნდა ყოფილიყო.

Exit mobile version