(თბილისი, 19 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ასამდე ადამიანმა 18 სექტემბერს საქართველოში ვატიკანის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ვატიკანსა და საქართველოს შორის მოსალოდნელი ხელშეკრულების ხელმოწერას აპროტესტებდნენ.
საპროტესტო აქცია ასევე თბილისის აეროპორტშიც ჩატარდა, სადაც 18 სექტემბერს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ლუი ტორანი ჩამოვიდა.
ხელშეკრულების წინააღმდეგ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაც გამოდის. “სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულება საქართველოსა და ვატიკანს შორის არ შეიძლება მიზანშეწონილად ჩაითვალოს”, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II 18 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე.
“ჩვენ არაფერი ვიცით დოკუმენტის დეტალების შესახებ. საქართველოს მთავრობასთან კონკორდატს 2002 წელს მოვაწერეთ ხელი და ხალხმა იცის ამ დოკუმენტის დეტალების შესახებ”, – აღნიშნა პატრიარქმა.
გასულ ოქტომბერს პრეზიდენტმა შევარდნაძემ და საქართველოს პატრიარქმა ხელი მოაწერეს კონკორდატს, რომელიც ეკლესიის და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს განსაზღვრავს. კონკორდატი სხვა რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით მნიშვნელოვან პრივილეგიებს ანიჭებს მართლმადიდებლურ ეკლესიას.
მართლმადიდებლური ეკლესია შიშობს, რომ ვატიკანთან დადებული ხელშეკრულება საფრთხეს შეუქმნის მის ექსკლუზიურ უფლებებს საქართველოში.