(თბილისი, 16 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა გიულიმ, რომელიც ორდღიანი ვიზიტით საქართველოში 15 სექტემბერს ჩამოვიდა, იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსულ ენერგოკომპანია “გაზპრომს” შორის დადებული ხელშეკრულება არ შეაფერხებს შაჰ-დენიზის პროექტის განხორციელებას, რომლის საშუალებითაც მოხდება აზერბაიჯანული გაზის თურქეთში ტრანსპორტირება საქართველოს გავლით.
“ვიმედოვნებ, “გაზპრომთან” დადებული გარიგების მიუხედავად, საქართველო და თურქეთი შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს პროექტთან დაკავშირებით”, – განაცხადა თურქეთის მინისტრმა 15 სექტემბერს თავის ქართველ კოლეგასთან, ირაკლი მენაღარიშვილთან, ერთად გამართულ ბრიფინგზე.
საქართველომ “გაზპრომთან” ხელშეკრულებას ივლისში მოაწერა ხელი. ხელშეკრულების თანახმად, რუსული კომპანია განაახლებს და შემდგომში გააკონტროლებს საქართველოს გაზსადენის სისტემას.