გაეროს დამკვირვებელთა მისია თაგილონში მომხდარი ძალადობის ფაქტს ადასტურებს

(თბილისი, 10 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში 7 სექტემბერს საპატრულო ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელიც გალის რაიონში მდებარე სოფელ თაგოლონში იქნა გაგზავნილი 5-6 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის გამოსაკვლევად, რომლის დროსაც ოთხმა ფორმიანმა აფხაზმა მებაჟემ სასტიკად სცემა ადგილობრივი მაცხოვრებლები და გააუპატიურა ქალები.

გაეროს დამკვირვებელთა მისიის ცნობით, ადგილობრივ მკვიდრთთა ცემის ფაქტი დადასტურდა, თუმცა ქალების გაუპატიურების შესახებ არანაირი განცხადება არ ყოფილა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის წარმომადგენელმა ზურაბ კონჯარიამ კატეგორიულად უარყო ქართული მედიის ბრალდებები.

“ქართულმა მხარემ მიზანმიმართულად გაავრცელა ამგვარი ინფორმაცია, რაც უარყოფითი ფონის შექმნასა და აფხაზი მებაჟეების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად”, – აღნიშნა მან.

ინციდენტს 11 სექტემბერს დაგეგმილ ოთხმხრივი შეხვედრაზე განიხილავენ გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში.

Exit mobile version