(თბილისი, 9 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – სახელისუფლებო წინასაარჩევნო ბლოკს დღეს ახალი წევრები შეემატა. მათ შორის არიან აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ლიდერი თამაზ ნადარეიშვილი, პარლამენტის წევრი გიორგი ყარყარაშვილი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც პარლამენტში “ახალი მემარჯვენეების” სიით გავიდა.
“ჩემი სახელისუფლებო ბლოკში გაერთიანება აფხაზეთის პრობლემის მოგვარების მიზნით მოხდა. ამ საკითხის მოგვარება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს”, – განაცხადა დღეს ბლოკის სხდომის შემდეგ თამაზ ნადარეიშვილმა.
“მე ყოველთვის ედუარდ შევარდნაძის თანამებრძოლო ვიყავი და ვარ. გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება დღეს მივიღე”, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
ორი დღის წინ სახელისუფლებო ბლოკს ასევე მიუერთდა “ქრისტიან-დემოკრასტიული კავშირის” ლიდერი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელმაც საარჩევნო სიაში პირველი ადგილი დაიკავა.