ეუთო მზად არის წარადგინოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა

(თბილისი, 24 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა იააპ დე ჰოოპ შეფერმა 22 აგვისტოს განაცხადა, რომ მზად არის საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს კანდიდატები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე, იტყობინება ეუთოს მისია საქართველოში.

ამის შემდეგ ახალდ მიღებული საარჩევნო კოდექსის შესაბამისად პრეზიდენტი ამ კანდიდატებიდან ერთ-ერთს დანიშნავს თავმჯდომარედ.

მომავალ კვირაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენლები თბილისში ჩამოვლენ, რათა შეადგინონ პრეზიდენტისათვის წარსადგენი კანდიდატების სია.

საქართველოში ეუთოს მისია მოუწოდებს საზოგადოებას, მონაწილეობა მიიღოს შესაფერისი კანდიდატების გამოვლენაში და იმედს გამოთქვამს, რომ აკადემიური დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო ასოციაციები და პოლიტიკური პარტიები წაახალისებენ საქართველოს კომპეტენტურ მოქალაქეებს, რათა მათ წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატურები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version