(თბილისი, 13 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – იუსტიციის მინისტრმა როლანდ გილიგაშვილმა 13 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის თაობაზე უსაფუძვლოა.
ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ წინადადება ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის თაობაზე 8 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგინა განსახილველად. ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაციაა.
“საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გასული წლის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა უკაკონოა, ამიტომ ჩვენ მხედველობაში უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა გილიგაშვილმა.
მინისტრის განცხადებას სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის პროტესტი მოჰყვა. “გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ ჩატარებული საპროტესტო აქციები არ უნდა ახდენდნენ ზეგავლენას მთავრობაზე”, – განაცხადა ჯორბენაძემ. მას მხედველობაში ჰქონდა ლეიბორისტული პარტიისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ 11 აგვისტოს ჩატარებული საპროტესტო აქცია, როდესაც ეს ოპოზიციური პარტიები ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ გამოვიდნენ.