“სამართლიანი არჩევნების” აღშფოთება ლეიბორისტების ოფისთან მომხდარი ინციდენტის გამო

(თბილისი, 5 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება აღშფოთებას გამოხატავს 4 აგვისტოს ლეიბორისტული პარტიისა და პოლიტიკური გაერთიანება “სამშობლოს” წარმომადგენლებს შორის მომხდარი ინციდეტის გამო და აცხადებს, რომ ეს აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეიკერის მიერ წარმოდგენილი სქემის მე-10 პინქტის უხეში დარღვევაა.

“ექსტრემალური და ძალისმიერი მეთოდებით ურთიერთობა უარყოფითად ახასიათებს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრსა და დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია. “სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ თავი უნდა შეიკავოს  ძალადობისაგან”, – ნათქვამია საზოგადოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საზოგადოება კატეგორიულად მოითხოვს ხელისუფლებისგან და სამართალდამცავი ორგანოებისგან სათანადო შეფასება მიეცეს და რეაგირება მოჰყვეს ამ ფაქტს, რათა არ განმეორდეს მსგავის ინციდენტები.

4 აგვისტოს ლეიბორისტული პარტიის ოფისის წინ დაპირისპირება მოხდა პოლიტიკურ გაერთიანება “სამშობლოსა” და “ლეიბორისტულ” პარტიებს შორის. ბეიკერის სქემის მე-10 პუნქტი კი კრძალავს არჩევნების წინ პარტიებს შორის ყოველგვარ დაპირისპირებას.

Exit mobile version