ეუთო საქართველოს პარლამენტის მუშაობაში არ ჩაერევა

(თბილისი, 5 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ეუთო-ს მისია საქართველოში არ აპირებს პარლამენტის მუშაობაში ჩარევას და თუ არ მოხდება საარჩევნო კოდექსში ე.წ. “ბეიკერის ფორმულის” მიხედვით ცვლილებების შეტანა და მიღება, ეუთო-ს მისია გადახედავს არჩევნების წარმართვაში საკუთარ როლს. ამის შესახებ დღეს ეუთო-ს მისიის ახალმა ხელმძღვანელმა როი რივსმა ეუთო-ს ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ეუთო-ს მისია საქართველოში დიდ ინტერესს იჩენს საქართველოს პარლამენტის მუშაობის და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხის მიმართ. ეუთო-მ უკვე გამოხატა სინანული და შეშფოთება იმის გამო, რომ პარლამენტმა აქამდე ვერ შეძლო საარჩევნო კოდექსის მიღება, რაც საფრთხეს უქმნის 2 ნოემბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

“ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში სამართლიანი, გამჭირვალე არჩევნები ჩატარდეს, ამისათვის ეუთო მზად არის დახმარება გაუწიოს საქართველოს, მაგრამ მთავარი პასუხისმგებელი არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად, მაინც ქართულ მხარეს ეკისრება”, – განაცხადა როი რივსმა.

მისი თქმით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (დიაო) გამოგზავნის არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიას, რომლის პირველი ჯგუფი სექტემბერში ჩამოვა, მეორე კი – უშუალოდ არჩევნებზე.
 
უკვე დადგენილია, რა რაოდენობის დამკვირვებელი იქნება არჩევნების დროს საქართველოში. როი რივსის ინფორმაციით, სექტემბრიდან საქართველოში ჩამოვა 20-25 პირი, რომლებიც არჩევნებისთვის მზადების პროცესს გააკონტროლებენ, ხოლო არჩევნების პერიოდში მათი რიცხვი დაახლოებით 400 იქნება.

როი რივის განცხადებით, ეუთო-ს როლი არ მდგომარეობს მონაწილეობა მიიღოს არც ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არც სხვა დონის კომისიების მუშაობაში. “თანამდებობაზე დანიშვნა ქართული მხარის პრეროგატივაა, თუმცა, ეუთო ქართულ მხარეს დაეხმარება ცსკო-ს თავმჯდოამრის შერჩევასა და დანიშვნაში,” – განაცხადა როი რივსმა.

მისი თქმით, ეუთო-ს მისიას ჯერ არ გაუმართავს კონსულტაციები ქართულ მხარესთან ცსკო-ს თავმჯდომარის შერჩევის და დანიშვნის მექანიზმების თაობაზე. ამის შესახებ კონსულტაციები მხოლოდ პარლამენტის მხრიდან საარჩევნო კოდექსის მიღების შემდეგ მოხდება.

“ჩემთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ეს პიროვნება უნდა იყოს ნეიტრალური და არც ერთ პარტიასთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს”, – აცხადებს როი რივსი.

იგი იმედოვნებს, რომ პარლამენტი კვირის ბოლოს მოახერხებს “ბეიკერის ფორმულასთან” მიახლოებული საარჩევნო კოდექსის მიღებას, რომელიც საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გარანტი გახდება.

Exit mobile version