შევარდნაძე აშშ-ის მხრიდან კრიტიკას არ იზიარებს

პრეზიდენტი რუსულ კომპანიას სრულ ნდობას უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ამერიკული კომპანია “ეი-ი-ეს”-ის მოლაპარაკებებს რუსულ ენერგოკომპანია “რაო ეეს”-თან “ეი-ი-ეს თელასის” აქციების მიყიდვასთან დაკავშირებით გაუმართლებელს უწოდებს და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია კომპანიებს შორის გამართული არალეგალური, გასაიდუმლოებული მოლაპარაკება.
 
შევარდნაძე ასევე უარყოფს აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც  “ეი-ი-ე”-ის საქართველოდან წასვლის მიზეზად ქვეყანაში არსებული არასახარბიელო საინვესტიციო გარემო სახელდება.
 
“თუ ასეა, მაშინ როგორ ხორციელდება მრავალმილიარდიანი პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები. მე არ ვამბობ, რომ იდეალური გარემოა, მაგრამ მუშაობა შესაძლებელია. კომპანიის წასვლა, ძირითადად, თავად მის ფინანსურ კრიზისს უკავშირდება, კომპანიის ფილიალები სხვა ისეთ ქვეყნებშიც დაიხურა, რომლებიც განვითარებით საქართველოზე წინ არიან”, – განაცხადა 4 ივლისის რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა.
 
შევარდნაძე უკმაყოფილოა ქართული მხარის ჩაურევლად წარმართული მოლაპარაკებების გამო. იგი ამის მიზეზად ასახელებს თვის დროზე კომპანიასთან გაფორმებულ ჩარჩო-ხელშეკრულებას, რომელშიც ქართული მხარის საწინააღმდეგო პუნქტები იყო ჩადებული.
 
“თავის დროზე ხელშეკრულებაში ჩადებული იყო იურიდიული ნაღმები, რომლის გამოყენებით ამერიკულმა კომპანიამ თვითნებურად განახორციელა მოლაპარაკება ისე, რომ არაფერი ჰკითხა აქციების 25%-ის მფლობელს [თბილისის მერია]” – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
 
პრეზიდენტის ინფორმაციით, კომპანიის წასვლის შესახებ დაუყოვნებლივ ამერიკულ მხარესაც ეცნობა, ერთობლივი ძალისხმევის მიუხედავად, მაინც ვერ მოხედხდა ერთ-ერთი უძლიერესი და მსხვილი ამერიკული ენერგოკომპანიის საქართველოში დატოვება.

“ესეც რომ მომხდარიყო, მაშინ მთელ რიგ დათმობებზე უნდა წავსულიყავით, რაც არაერთხელ მომხდარა, მაგრამ ამას ელექტროენერგიაზე ტარიფის რამდენჯერმე ზრდა მოჰყვებოდა, რაც მოსახლეობისთვის აუტანელი იქნებოდა. კომპანიის გადაწყვეტილება ჩვენზე არ იყო დამოკიდებული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
 
იგი არ გამორიცხავს, რომ ქართულმა მხარემ კომპანიას საარბიტრაჟო სასამართლოშიც უჩივლოს, რისი იურიდიული უფლებაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს, თუმცა სასამართლო პროცესის მოსალოდნელი გაჭიანურების გამო ქართული მხარე ალბათ თავს შეიკავებს.
 
პრეზიდენტი ცუდს ვერაფერს ხედავს ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული კომპანიის შემოსვლაში და უარყოფს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ენერგოობიექტების ხელში ჩაგდებით ხელისუფლებაზე მოახდინოს ზეწოლა.
 
“ასეთ შემთხვევაში რუსეთს სულაც არ ესაჭიროებოდა თბილისის ელექტროგამანაწილებელი ობიექტის შესყიდვა, ამისათვის საკმარისი იქნებოდა მის მფლობელობაში არსებული მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გათიშვა და ელექტროენერგია არამარტო თბილისს, არამედ მთელ საქართველოს აღარ ექნებოდა”, – განაცხადა შევარდნაძემ.
 
იგი იმედოვნებს, რომ თუ ხელშეკრულებაში ქართული მხარის ინტერესები გათვალისწინებული იქნება, რაც, სავარაუდოდ, კომპანიის პრეზიდენტის ანატოლი ჩუბაისის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მოხდება. შევარდნაძე დარწმუნებულია, რომ რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობა დადებით ტენდენციებს გამოიწვევს და ასევე იმედს გამოთქვამს, რომ სასარგებლო იქნება “გაზპრომთან” თანამშრომლობაც, რომელთანაც ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.
 
ედუარდ შევარდნაძე თავის ოპონენტებს მოუწოდებს, შეწყვიტონ დემაგოგიური გამოსვლები ამ საკითხებთან და ასევე პრივატიზებული სტრატეგიული ობიექტების ნაციონალიზაციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, იგი მზად არის შექმნას საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს, თუმცა ამას უაზროდ და დაგვიანებულად მიიჩნევს.
 
შევარდნაძე აცხადებს, რომ ამერიკული კომპანიის რუსული კომპანიით ჩანაცვლებით ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება და დასძენს, რომ კურსი უცვლელია და მიზნად ისახავს როგორც ამერიკასთან, ისე რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობას. ეს ჯვარედინი კონცეპციაა, – აცხადებს პრეზიდენტი.

ამერიკულმა კომპანიამ “რაო-ეეს”-თან შეთანხმების შესახებ ოფიციალურად 31 ივლისს გამოუცხადა. შეთანხმების მიხედვით, ამერიკულმა კომპანიამ რუსულ კომპანიას თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელი “თელასი”, ჰიდროელქტროსადგურები “ხრამი-1″ და ხრამი-2”, “ეი-ი-ეს მტკვარი”-ს ენერგობლოკები და სომხეთსა და თურქეთში ელექტროენერგიის სატრანზიტო ხაზების ქსელი “ეი-ი-ეს ტრანსენერჯი” მიჰყიდა.

თეა გულარიძე, “სივილ ჯორჯია”

Exit mobile version