შევარდნაძემ ხელი მოაწერა ბრძანებულებას საპენსიო დავალიანების დაფარვის თაობაზე

(თბილისი, 26 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 25 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას საპენსიო დავალიანების დაფარვის თაობაზე.

რამდენიმე თვის წინ, ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით, სამტრედიელმა პენსიონერებმა სარჩელი შეიტანეს სასამართლოში მთავრობის წინააღმდეგ 1998-2000 წლების საპენსიო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით. 21 აპრილის სასამართლო დადგენილების თანახმად, სოციალური უზრუნველყოფის ფონდმა და ფინანსთა სამინისტრომ უნდა გაისტუმრონ 148 ათასი ლარის საპენსიო დავალიანება.

მსგავსი სარჩელი ქუთაისის პენსიონერებმაც შეიტანეს, რასაც იგივე შედეგი მოჰყვა: ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სოციალური უზრუნველყოფის ფონდმა და ფინანსთა სამინისტრომ 215 ათასი ლარის საპენსიო დავალიანება უნდა გაისტუმრონ.     

16 ივლისს ნაციონალური მოძრაობის ხუთმა დეპუტატმა დაიწყო შიმშილობის აქცია საპენსიო დავალიანების დაფარვისა და ამის თაობაზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულების მოთხოვნით.

მიუხედავად პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებისა, მოშიმშილეები აქციის გაგრძელებას მანამ აპირებენ, სანამ ფინანსთა სამინისტრო არ გადარიცხავს სახსრებს სამტრედიისა და ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტებში.

Exit mobile version